კახა კალაძის განცხადებით, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებზე, სავარაუდოდ, კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის დეტალებს გამოძიება დაადგენს.
„ავტობუსებში და მიკროავტობუსებში დამონტაჟებული გადახდის აპარატები „საქართველოს ბანკისაა“. როგორც ვიცი, „საქართველოს ბანკს“ ემსახურება რამდენიმე კომპანია, შპს „აზრი, შპს „მს+“. სავარაუდოდ, განხორციელდა კიბერშეტევა, თუმცა საიდან, ვისი ჩართულობით, როგორ, ამას გამოძიება აუცილებლად დაადგენს...
გამოძიება დაადგენს, თუ საიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვის მიერ განხორციელდა კიბერშეტევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, "საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ხარვეზი გამოსწორებულია და გადახდის სისტემა უკვე გამართულად მუშაობს."
შეგახსენებთ, დილიდან თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში - ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში, გადახდის აპარატებიდან საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები, ზვიად გამსახურდიას და ზურაბ ჟვანიას ისტორიული ფრაზები, ასევე ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და "ოცნების" წევრების უხამსი გამონათქვამები ისმოდა.