რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის საქმეზე გადაწყვეტილება დღესაც არ გამოცხადდება. სხდომა საქალაქოში ამ წუთებში მიმდინარეობს და მხარეები რეპლიკების ეტაპზე არიან. როგორც მოსამართლემ განაცხადა, დღეს ის არც ბრალდებულის სიტყვას მოისმენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, კიდევ ერთი პროცესი გაიმართება.
სარეკლამო კომპანია "ლიმონის" დამფუძნებელი, რეჟისორ გიორგი ოკმელაშვილი გასული წლის 15 მაისს დააკავეს. ოკმელაშვილს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ნარკოტიკული საშუალებების შენახვის თაობაზე ბრალი კი წინა სასამართლო სხდომაზე მოუხსნეს.
განახლება: ოკმელაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 3 თებერვალს, 15 საათზე გაიმართება. დღეს კი მოსამართლემ მხარეებს საპროცესო შეთანხმება შესთავაზა და ამისთვის დრო მისცა, თუმცა ცნობილია, რომ მხარეები ამ შეთავაზებაზე უარს ამბობენ. დაცვის მხარის თქმით, გიორგი ოკმელაშვილი უდანაშაულოა და მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ადვოკატის თქმითვე, მოსამართლე ახლა დილემის წინაშეა, რადგან არ არსებობს ოკმელაშვილის ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მას დასაბუთებაც გაუჭირდება.
ცნობისთვის, მოსამართლემ წინა პროცესიც იგივე მოტივით გადადო.