"ჩემი დაშინების და განეიტრალების ეს სასაცილო მცდელობა მიიღებს ჩემგან შემდეგ პასუხს, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა დაკარგა რეპუტაცია, სახე და დარჩენილი მცირე ნდობა, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაკარგოს ფულიც და ძალაუფლებაც, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია და ამ ბრძოლაში ვიქნები თქვენთან ერთად წინა ხაზზე." - ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს მასზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ბათუმის შერატონში განვითარებული მოვლენების დეტალებზე ისაუბრა.
"ბათუმში ვიყავი ჩვენი თანაგუნდელების სასამართლო პროცესზე და როდესაც დავბრუნდი სასტუმრო შერატონში. შესასვლელშივე დამხვდა ადამიანების რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც შესული არ ვიყავი უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და ფაქტობრივად ახორციელებდნენ თავდასხმას. ეს იყო ჯგუფურად ორგანიზებული, რასაც რა თქმა უნდა მოჰყვა ჩემი რეაგირება. ამავე დროს იქვე ჩანდა რომ ერთი ადამიანი ამ ყველაფერს იღებდა ტელეფონით, სასტუმროს ლობი დაცლილი იყო თანამშრომლებისგან, ეს ადამიანები მოძრაობდნენ ისე, რომ შემემჩნია, რომ შეიარაღებული იყვნენ. მას შემდეგ, რაც მე მოვახდინე რეაქცია და ამას არ უარვყოფ, დარჩენილი ყავით „გავუმასპინძლდი“ ასე რომ ვთქვათ, ისინი ჯგუფურად თავს დამესხნენ და როგორც ექიმებმა მითხრეს გონება დავკარგე და სანამ სასტუმროს და სასწრაფოს თანამშრომლებმა დახმარება არ გამიწიეს გონზე ვერ მოვედი.
ამ ყველაფრის მოყოლა იმიტომ მიწევს, რომ როგორც მიდის გამოძიება ფაქტია და მიუთითებს იმაზე, რომ არ აპირებენ სამართლიანად გამოძიებას და ასევე იმაზე, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ ორგანიზებული. რასაც იღებდნენ ტელეფონით აღმოჩნდა კონკრეტულ ტელევიზიებში, უზარმაზარი ზეწოლა ხორციელდებოდა სასტუმროს მენეჯმენტზე რომ გამქრალიყო კამერები," - განაცხადა გიორგი გახარიამ.