ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. ამომრჩეველთა სიაში 6.9 მილიონზე მეტი ადამიანია შეყვანილი. გახსნილია 5325 საარჩევნო უბანი, აქედან 207 საავადმყოფოებში, სანატორიუმებში და დროებითი განთავსების სხვა ადგილებში. თუმცა საარჩევნო უბნები არ გახსნილა საზღვარგარეთ, ხელისუფლებამ ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობის და დიპლომატიური კორპუსის სიმცირით ახსნა, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესებამ და ოპოზიციის პროტესტის ჩახშობამ გამოიწვია. არჩევნების მთავარ დღემდე კი ბელარუსში, 21-დან 25 იანვრამდე, ვადამდელი კენჭისყრა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა იმ ამომრჩევლებმა მიიღეს, ვინც 26 იანვარს საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ შეძლებს.
პრეზიდენტობას მეშვიდე ვადით გეგმავს ალექსანდრ ლუკაშენკო, ის ქვეყნის პირველი და ამ დრომდე ერთადერთი პრეზიდენტია. ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
ბელარუსის პრეზიდენტის პოსტზე ხუთი კანდიდატი იბრძვის.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციონერმა კანდიდატმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა რომ მან არჩევნები ხმათა სულ მცირე 60 %-ით მოიგო და ლუკაშენკოს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა ხელისუფლების გადაბარებისთვის, თუმცა, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა და 80% დაუწერა. ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო. დაიწყო რეპრესიები, ოპონენტების დევნა, დაჭერები. ის მოქალაქეები, რომლებიც ლუკაშენკოს მუდმივ მმართველობას ეწინააღმდეგებოდნენ, იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ, მათ შორის, ტიხანოვსკაიაც. აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ ცნეს.
ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებს საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერები აკვირდებიან. მათ მონაწილეობა მიიღეს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრის გახსნაში, შეხვდნენ ცესკოს თავმჯდომარეს და ასევე მისცეს ინტერვიუები რუსულ და ბელარუსულ მედიასაშუალებებს.