რუსეთში, რიაზანის რეგიონში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონების სამიზნე ერთ კვირაში უკვე მეორედ გახდა. გასულ ღამეს რიაზანში აფეთქებების სერია იყო. რუსები აცხადებენ, რომ უცნობი უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ამის შემდეგ კი ობიექტს ხანძარი გაუჩნდა.
ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 18.8 მილიონი ტონა ნავთობია. 2013 წლიდან ქარხანა როსნეფტის კონტროლის ქვეშ იმყოფება.
რიაზანის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის სამიზნე 24 იანვარს ღამითაც გახდა. დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა ორ ობიექტზე: რიაზანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში და მეზობელ ნოვო-რიაზანის თბოელექტროსადგურში.