Известия: რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლები საზღვაო და სარკინიგზო გზით, სავაჭრო ბრუნვის გაფართოებას განიხილავენ

გამოქვეყნდა:

14 მაისს მოსკოვში, რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაფართოება განიხილეს - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

შეხვედრაზე ქართულს მხარეს საქართველო-რუსეთის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ნიშნიანიძე წარმოადგენდა.

Известия-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს "ლარსის საკონტროლო პუნქტის განტვირთვის აუცილებლობა"  სავაჭრო პროდუქტის ნაწილის „რკინიგზითა და საზღვაო ტრანსპორტით“ გადატანის გზით, ასევე რუბლსა და ლარში ურთიერთანგარიშსწორების დაწყების იდეაც. 

ცნობისთვის, "ოცნების" ოფიციალური პოზიციაა, რომ  ახალი ბიზნეს ასოციაციის შესახებ არაფერი იცის და რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში, სახელმწიფოს არ შეუძლია დახმარება გაუწიოს რუსეთში ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს.

საქართველოში რუსეთთან ვაჭრობის ახალი ბიზნესასოციაციის დარეგისტრირების შესახებ ინფორმაცია იანვარში გავრცელდა. ნათქვამი იყო, რომ მასში 60-მდე ბიზნეს სუბიექტი გაერთიანდებოდა.

აღნიშნული ბიზნესმენმა ზაზა ნიშნიანიძემ დაადასტურა, რომელიც ამ ასოციაციის ხელმძღვანელია. ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ორგანიზაციის უმთავრესი მიზანი იქნება, დაეხმაროს იმ ბიზნესმენებს, რომლებიც დაკავებული არიან რუსეთში ექსპორტით, რომელიც ამჟამად საქართველოს სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს.

ვინ არის ზაზა ნიშნიანიძე და რა ბიზნესებს და ქონებას ფლობს საქართველოში "მთავარმა" დეტალები გაარკვია

ზაზა ნიშნიანიძე საქართველო-რუსეთის ორმაგი მოქალაქეა, ცნობილი მწერლის, "პაემანი ვერაზე" ავტორის გიზო ნიშნიანიძის შვილი. განათლება რუსეთში აქვს მიღებული, 1980 წელს დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

ბიზნეს რეესტრის მიხედვით ზაზა ნიშნიანიძეს ბიზნესინტერესები აქვს არაერთ სფეროში, მათ შორისაა სამედიცინო, სადაზღვევო, ლოჯისტიკური, განათლება და ა.შ

  • ამ ეტაპზე ის ფლობს
  • შპს დოიჩეს დიაგნოსტიკუმ - 14%
  • შპს ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკა - 71%
  • შპს აგრო ტექნოლოჯის - 40%
  • შპს მეცენატთა საზოგადოება თბილისი - 100%
  • შპს გორგასალი - 100%
  • შპს ჩაინა თაუნი - 33%
  • სს ლელო
  • შპს ზი ენ სი - 100%
  • შპს აღმოსავლეთ-დასავლეთ კომპანია თბილისში - 30%

მიმდინარე წელს ბიზნესების ნაწილი მან საკუთარ შვილს დიმიტრი ნიშნიანიძეს გადასცა. მათ შორის წილები შემდეგ კომპანიებში შპს მეიდანზე, შპს მეიდან ჯგუფი, შპს შარმ ტრეიდინგი(ერთ-ერთი მსხვილი სადისტრიბუციო კომპანია), შპს რივერ ტური, შპს გასართობი ცენტრი მეიდანი, შპს ფროფერთი მენეჯმენტი.

ზაზა ნიშნიანიძე ფლობს 92 365 მ2 კიკეთში, სადაც "კიკეთის ფერმა პარკი" მდებარეობს. ასევე რამდენიმე ათას კვადრატულ მეტრს გარდაბნის რაიონ სოფელ გამარჯვებაში და ასევე 17000მ2-მდე მიწას მარტყოფში, ვაზიანის მიმდებარედ.   400კვ.მ ფართობს ფლობს თბილისში ბამბის რიგის #12-ში. 22მ2 ერეკლეს მოედანზე #6-ში მდებარე შენობაში.
ზაზა ნიშნიანიძის სახელი უკავშირდება საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის ლავრენტი ბერიას ისტორიული აგარაკი კოჯორში.

2021 წლის 30 მარტს სამთავრობო კამპანიის "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში  აგარაკი ელექტრონულ აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. სახელმწიფომ 22 560 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები 2 504 000 ლარად გაასხვისა. კოჯრის არქიტექტურულად გამორჩეული აგარაკები 2021 წლის 15 აპრილს შპს "იბეროტელმა" იყიდა,  2021 წელსვე "იბეროტელმა" უძრავი ქონება საწესდებო კაპიტალის სახით შეიტანა შპს "მეიდან პარკში", რომლის 50%-ს "პარკ ქეფითალ მენეჯმენტი" ფლობს, 50%-ს კი შპს მეიდანზე (შპს "პარკ ქეფითალ მენეჯმენტის"  100%-იანი წილის მფლობელია, "ბაზის ბანკის" ყოფილ გენერალური დირექტორი ზურაბ ციხისთავი, შპს "მეიდანზე" 100% კი ზაზა ნიშნიანიძეს ეკუთვნის). ლავრენტი ბერიას მიმართ განსაკუთრებულ ინტერესებზე მიანიშნებს ზაზა ნიშნიანიძის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ბმულები და კომენტარებიც. როგორც ზაზა ნიშნიანიძე წერს, ბერიას მიმართ საქართველომ უმადურობა გამოიჩინა.

ზაზა ნიშნიანიძე ასევე არის დასავლეთისადმი გაგზავნილ კრიტიკულ წერილებზე ხელმომწერთა შორის. მათ შორის წერილს , რომელიც ადამიანების ჯგუფმა ყოფილ ევროკომისარს თომას ჰამერბერგს ქართული ტრადიციების პატივისცემისკენ მოუწოდა, მასთან ერთად ხელს აწერენ ლევან ვასაძე, გოგა ხაინდრავა, რეზო ამაშუკელი და ა.შ.
ზაზა ნიშნიანიძემ, ირაკლი რუხაძემ და მათთან ერთად რამდენიმე პირმა 26 ოქტომბრის არჩევნებამდე წერილი მისწერეს შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენსაც, რომელშიც ისინი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას აქებდნენ და გაკვირვებას გამოთქვამდნენ ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან ქართული ოპოზიციის ღია პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერის გამო. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი