"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ერთი ლიდერი და პარტია "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია გამოცემა "ბათუმელების" რედაქციაში მივიდა და რედაქტორ, ნანა კვაჭაძეს, საპატიმროდან, მზია ამაღლობელის გზავნილები გადასცა.
ნიკა გვარამიამ ნანა კვაჭაძეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე უთხრა თუ როგორია მოშიმშილე ჟურნალისტის მდგომარეობა და მისი ძირითადი გზავნილები.
შეხვედრის შემდეგ ნიკა გვარამიამ სამ მთავარ საკითხზე ისაუბრა. მან სპეციალური საგამოძიებო სამსახურს მზია ამაღლობელის დაზარალებულად აღიარებისკენ, ხოლო სახალხო დამცველს მისი მდგომარეობის გადახედვისკენ მოუწოდა.
"[მზია ამაღლობელის] შიმშილობის მე-15 დღეა, ეს არ არის მარტივი ამბავი, რთული ამბავია ძალიან. მისი პროცესი არის მარტში და ის აპირებს შიმშილობას მარტამდე, მაგრამ ის უნდა გამოვიყვანოთ მარტამდე იმიტომ, რომ შიმშილობის გამო კი არა იმიტომ, რომ ის უსამართლო პატიმარია და ასევე არის წამების მსხვერპლი.
მნიშვნელოვანია, რომ ის უკვე იყოს დაზარალებულად აღიარებული და ეს იძლევა შესაძლებლობას, რომ გადაიხედოს მისი წინასწარი პატიმრობა. მოვუწოდებ კოკა კაციტაძეს და მის უწყებას, რომ დროზე აღიაროს ადამიანი დაზარალებულად.
ასევე, სახალხო დამცველს მოვუწოდებ, რომ მიმართლოს სასამართლოსაც და სპეციალურ საგამოძიებო უწყებასაც, რომ ამ ადამიანის მდგომარეობა გადაიხედოს. ჯერ ერთი, მუდმივი მონიტორინგი დაწესდეს მის შიმშილობაზე და კონსილიუმი სჭირდება ამას აუცილებლად და მე არ ვიცი რატომ არ არის ჯერ ფორმირებული ეს კონსილიუმი.
მე ძალიან მინდა, რომ მთელმა ქართულმა საზოგადოებამ, საერთაშორისო ფონდებსაც მივმართავ წერილობით და უკვე რამდენიმეს მივმართე, ასევე ქართულმა საზოგადოებამ და ქართულმა ბიზნესმა გააცნობიეროს, რომ მზიას მედია, "ბათუმელები" და "ნეტგაზეთი" არის უმნიშვნელოვანესი მედია საქართველოსთვის. ის [მედია] მზიას გარეშე განიცდის უკვე გარკვეულ სირთულეებს და დავეხმაროთ ამ მედიას აუცილებლად," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე