ბელარუსში, რიგით მე-7 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა და დამკვირვებლებმა ხმების დათვლის პროცედურა დაიწყეს, თუმცა, ეგზიტპოლის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა - ის ქვეყნის პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი პრეზიდენტია.
ბელარუსის ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის ეგზიტპოლის მიხედვით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 87.6% აიღო.
ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა 5.1%-მა "ყველას წინააღმდეგ" მისცა ხმა, ხოლო ამომრჩეველთა 7.3%-მა ხმა მისცა დარჩენილ ოთხ კანდიდატს ჯამში, რომლებსაც დამოუკიდებელი ბელარუსული მედია "სარეზერვო მოცეკვავეებს" უწოდებდა.
ლუკაშენკო არჩევნებში უკვე მეშვიდედ მონაწილეობს - ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
შეგახსენებთ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა რომ მან არჩევნები ხმათა სულ მცირე 60 %-ით მოიგო და ლუკაშენკოს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა ხელისუფლების გადაბარებისთვის, თუმცა, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა და 80% დაუწერა.
ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო. დაიწყო რეპრესიები, ოპონენტების დევნა, დაჭერები. ის მოქალაქეები, რომლებიც ლუკაშენკოს მუდმივ მმართველობას ეწინააღმდეგებოდნენ, იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ, მათ შორის, ტიხანოვსკაიაც. აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ ცნეს.
ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებს საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერები აკვირდებოდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრის გახსნაში, შეხვდნენ ცესკოს თავმჯდომარეს და ასევე მისცეს ინტერვიუები რუსულ და ბელარუსულ მედიასაშუალებებს.