"არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი" | კალასი და კოსი ბელარუსის არჩევნებს მოჩვენებითს უწოდებენ

გამოქვეყნდა:

ევროკომისიის უმაღლესი წარმომადგენელი/ ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი და გაფართოების საკითხებში კომისარი მარტა კოსი ბელარუსში, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ დღევანდელი არჩევნები იყო მოჩვენებითი, რადგან არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებების დაუნდობელმა და უპრეცედენტო დარბევამ, პოლიტიკური მონაწილეების შეზღუდვამ და დამოუკიდებელ მედიაზე წვდომამ ბელარუსში საარჩევნო პროცესს ყოველგვარი ლეგიტიმაცია წაართვა.

კალასი და კოსი ამბობენ, რომ ლუკაშენკოს რეჟიმის გადაწყვეტილებამ მოიწვიოს ეუთო/ოდირის მისია არჩევნებამდე მხოლოდ 10 დღით ადრე, ამ დამოუკიდებელ ორგანოს არ აძლევდა წვდომას საარჩევნო პროცესის ძირითად ეტაპებზე, რაც ევროკომისიის აზრით, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ამ არჩევნების მიმართ სანდოობა არ არსებობს.

"ამ მიზეზების გამო, ისევე როგორც ბელარუსის რეჟიმის ჩართულობის გამო რუსეთის აგრესიულ ომში უკრაინის წინააღმდეგ და მისი ჰიბრიდული თავდასხმები მის მეზობლებზე, ევროკავშირი გააგრძელებს რეჟიმის წინააღმდეგ შემზღუდველი და მიზანმიმართული ზომების დაწესებას, ხოლო ფინანსურად მხარს დაუჭერს სამოქალაქო საზოგადოებას...

დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს, რომელიც ჩატარდება საზოგადოებაში, სადაც ჭარბობს ადამიანის უფლებები, შეკრების ან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის გარეშე და სადაც პლურალისტური მედია თავისუფლად მოქმედებს. ბელარუსში ასე არ არის. ევროკავშირი ბელარუსი ხალხის მხარესაა და ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული და დამოუკიდებელი ბელარუსისკენ, როგორც მშვიდობიანი და აყვავებული ევროპის ნაწილისკენ, ურყევია", - წერია განცხადებაში.

ბელარუსში, რიგით მე-7 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა და დამკვირვებლებმა ხმების დათვლის პროცედურა დაიწყეს, თუმცა, ეგზიტპოლის თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტი ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა - ის ქვეყნის პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი პრეზიდენტია.

ბელარუსის ახალგაზრდული ორგანიზაციების კომიტეტის ეგზიტპოლის მიხედვით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 87.6% აიღო.

ამავე ეგზიტპოლის მიხედვით, ამომრჩეველთა 5.1%-მა "ყველას წინააღმდეგ" მისცა ხმა, ხოლო ამომრჩეველთა 7.3%-მა ხმა მისცა დარჩენილ ოთხ კანდიდატს ჯამში, რომლებსაც დამოუკიდებელი ბელარუსული მედია "სარეზერვო მოცეკვავეებს" უწოდებდა.

ლუკაშენკო არჩევნებში უკვე მეშვიდედ მონაწილეობს - ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.

შეგახსენებთ, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციონერმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ გამოაცხადა რომ მან არჩევნები ხმათა სულ მცირე 60 %-ით მოიგო და ლუკაშენკოს მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა ხელისუფლების გადაბარებისთვის, თუმცა, ბელარუსის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში გამარჯვებულად ლუკაშენკო გამოაცხადა და 80% დაუწერა.

ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც ლუკაშენკოს რეჟიმმა ძალისმიერი მეთოდებით ჩაახშო. დაიწყო რეპრესიები, ოპონენტების დევნა, დაჭერები. ის მოქალაქეები, რომლებიც ლუკაშენკოს მუდმივ მმართველობას ეწინააღმდეგებოდნენ, იძულებული გახდნენ ქვეყანა დაეტოვებინათ, მათ შორის, ტიხანოვსკაიაც. აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ, კანადამ ლუკაშენკოს არჩევა ლეგიტიმურად არ ცნეს.

ბელარუსის პრეზიდენტის არჩევნებს საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერები აკვირდებოდნენ. მათ მონაწილეობა მიიღეს ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის საინფორმაციო ცენტრის გახსნაში, შეხვდნენ ცესკოს თავმჯდომარეს და ასევე მისცეს ინტერვიუები რუსულ და ბელარუსულ მედიასაშუალებებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი