ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა ამომრჩეველთა 86.82%-მა მისცა.
ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს ფიქტიურს და არათავისუფალს უწოდებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
„დღევანდელი ყალბი არჩევნები ბელარუსში არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი... ადამიანის უფლებების დაუნდობელმა და უპრეცედენტო დათრგუნვამ, პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვამ და დამოუკიდებელ მედიაზე ხელმისაწვდომობამ ბელორუსში საარჩევნო პროცესს ყოველგვარი ლეგიტიმაცია წაართვა“, - ნათქვამია კაია კალასისა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში. მათ ბელორუსის მთავრობას მოუწოდეს გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები, მათ შორის მინსკში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომელი.
ბელარუსის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ სხვა ევროპელი ლიდერებიც. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ სოციალურ ქსელ X-ში "გაოცება გამოთქვა" ლუკაშენკოს მიერ მიღებული შედეგებით.
"ბელარუსელთა მხოლოდ 87,6%-ს უყვარს "ბატკა"?! დანარჩენებს ციხეებში ჩასვამენ?" - წერდა სიკორსკი.
"ბელარუსის ხალხს არჩევანი არ ჰქონდა. ეს მწარე დღეა ყველასთვის, ვინც თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ ისწრაფვის", - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბერბოკმა.
ბელარუსში არჩევნებისთვის 5325 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, თუმცა საარჩევნო უბნები არ გახსნილა საზღვარგარეთ, ხელისუფლებამ ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის შეუძლებლობის და დიპლომატიური კორპუსის სიმცირით ახსნა, რაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დასავლეთთან ურთიერთობის გაუარესებამ და ოპოზიციის პროტესტის ჩახშობამ გამოიწვია. არჩევნების მთავარ დღემდე კი ბელარუსში, 21-დან 25 იანვრამდე, ვადამდელი კენჭისყრა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა იმ ამომრჩევლებმა მიიღეს, ვინც 26 იანვარს საარჩევნო უბნებზე მისვლას ვერ შეძლებდა.
არჩევნების წინასწარი შედეგების გათვალისწინებით, ლუკაშენკოს პრეზიდენტობა მეშვიდედ მოუწევს, ის ქვეყნის პირველი და ამ დრომდე ერთადერთი პრეზიდენტია. ის ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. სწორედ ამ წელს ჩატარდა პირველი საპრეზიდენტო არჩევნები. ბელარუსში 1995 წლიდან ეუთოს (OSCE) მიერ არცერთი არჩევნები არ ყოფილა აღიარებული, როგორც თავისუფალი და სამართლიანი.
ალექსანდრ ლუკაშენკოს გარდა, არჩევნებში ფორმალურად კიდევ 4 კანდიდატი მონაწილეობდა.