"მოვითხოვთ ე.წ. კონსილიუმის ფორმირებას, რომელიც ყოველდღე შეგვატყობინებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ე.წ. კონსილიუმის ფორმირებას ითხოვენ, რომელიც მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას ყოველდღიურად მიაწოდებს.

ნიკა გვარამიას თქმით, ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი, რაც საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება.

"მზია ამაღლობელი უკვე 16 დღეა, შიმშილობს, თუმცა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ამ წუთში არაფერი ვიცით, ეს აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საერთაშორისო შიმშილობის პროტოკოლს. მინდა ვთქვა, რომ ჯანდაცვისა და იუსტიციის მინისტრები ვალდებულები არიან, საზოგადოებას მიაწოდონ ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. უფრო მეტიც, ჩვენ მოვითხოვთ, ამ ორმა სამინისტრომ, პენიტენციური სამსახურისა და ამაღლობელის მხარის ჩართულობით, მოახდინოს ფორმირება ე.წ. კონსილიუმის, რომელიც ყოველდღე შეგვატყობინებს ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობას", - განაცხადა მან ბრიფინგზე.

მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი