
აჭარაში, ოპოზიციური პარტიის წევრები მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსს, აშშ-სა და ევროკავშირს მიმართავენ და მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეისწავლონ უკანონოდ დაპატიმრებული ჟურნალისტის საქმე და სანქციები დაუწესონ რეჟიმის ძალადობრივი პოლიტიკის აღმსრულებლებს:
"რეგიონში ურთულესი მდგომარეობაა მედიის თავისუფლების მიმართულებით. კარგად დავინახეთ, როგორ მოხდა აჭარის ტელევიზიაში ხელისუფლების გავლენის ზრდა, დირექტორისა და ჟურნალისტების უკანონო გათავისუფლება, დაიხურა ტვ25, ახლა მიმდინარეობს შეტევა ყველაზე ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მედიაორგანიზაციის "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" წინააღმდეგ. ივანიშვილის ძალადობრივი, საპოლიციო რეჟიმის პროვოცირებით მოხდა ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დაკავება. მას დაკავებისას პოლიციის ხელმძღვანელი ირაკლი დგებუაძე აყენებდა შეურაცხყოფას, რაზეც არავინ დასჯილა დღემდე. ივანიშვილის სასამართლომ ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა და პატიმრობა შეუფარდა მზია ამაღლობელს. ის 17 დღეა შიმშილობს და დღემდე არ გაუწევიათ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. აჭარაში მოქმედი პარტიები სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, გაზეთ "ბათუმელებსა" და "ნეტგაზეტითს" გუნდს. გვინდა ვუთხრათ, რომ ჩვენ არ მივატოვებთ და ვიბრძოლებთ მათი თავისუფლებისათვის ბოლომდე.
მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და გაეწიოს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება. მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაორგანიზაციებს, მიეცეს სათანადო შეფასება და განხორციელდეს რეაგირება, გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლებლობა, რათა გადარჩეს მზია ამაღლობელის სიცოცხლე და ჯანმრთელობა. სათანადო შეფასება მიეცეს საქართველოში, მათ შორის, აჭარის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევებსა და მედიაგარემოს მდგომარეობას. მოვუწოდებთ ამერიკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებს, დაუწესონ სანქციები იმ ადამიანებს, ვინც ახორციელებენ მედიაზე ზეწოლას, მზია ამაღლობელის დაკავებასა და მის მიმართ ზეწოლის განხორციელებაში მონაწილე ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, რომლებმაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს, რომლებიც არ ახორციელებენ სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდებას მზია ამაღლობელისთვის" ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.