სერბეთის პრემიერმინისტრი, მილოშ ვუჩევიჩი, ქვეყანაში რამდენიმეთვიანი ანტისამთავრობო აქციების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა.
როგორც ვუჩევიჩმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი გადადგომა საპროტესტო აქციებით შექმნილი დაძაბულობის განმუხტვას ისახავს მიზნად.
"(მთავრობამ) უნდა აჩვენოს... უმაღლესი დონის პასუხისმგებლობა... იმისთვის, რომ საზოგადოებაში დაძაბულობა აღარ გაიზარდოს, მივიღე გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც ახლახან გამოვაცხადე", - თქვა ვუჩევიჩმა.
ცნობისთვის, სერბეთში ყოველდღიური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 1 ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. ათასობით მოქალაქე, მათ შორის სტუდენტები, პედაგოგები და სხვა პროფესიების წარმომადგენლები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და მათ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. მიზეზად ისინი კორუფციას ასახელებენ.
გუშინ, სერბეთში გაფიცულმა სტუდენტებმა პროტესტის ნიშნად ბელგრადში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგისტრალი, 24 საათით გადაკეტეს.