"საქართველოს სამედიცინო საზოგადოება საქართველოს ევროპული მომავლისთვის" მზია ამაღლობელის შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ჯანდაცვის სამინისტროსა და სახალხო დამცველს მიმართავს.
"ჩვენ, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, ვუერთდებით პროტესტს დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო, ასევე ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მის მიერ პროტესტის გამოხატვის უკიდურესი ფორმა - შიმშილობა და შიმშილობის მე-17 დღის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა.
შიმშილობა ჯანმრთელობისთვის უკიდურესად საშიშ მდგომარეობას წარმოადგენს. პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ადამიანის ფუნდამენტური უფლების-სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა.
დუმილი და გამჭვირვალობის ნაკლებობა სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხზე", - წერია განცხადებაში.
ისინი მოითხოვენ:
"ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სათანადო სამედიცინო მონიტორინგისა და მკურნალობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ მორალური პასუხისმგებლობაც. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ გაუმჭვირვალობის, უყურადღებობის ან გულგრილობის გამო.
დროული ქმედების გაჭიანურებამ შესაძლოა ჯანმრთელობის გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასეთ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც დროულად არ იმოქმედებს და არ შეასრულებს მათზე დაკისრებულ ვალდებულებას!" - ნათქვამია მიმართვაში.
ამაღლობელი უკვე 17 დღეა, შიმშილობს. ის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.