ინდოეთში, უტარ პრადეშის შტატში, სადაც მოსახლეობა მაჰა კუმბ მელას რელიგიურ დღესასწაულს აღნიშნავდა, ჭყლეტა მოხდა, რის შედეგადაც, სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ამასთან, ადგილობრივი მედია, თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ საავადმყოფოში სულ მცირე 15 დაშავებული გადაიყვანეს.
წინასწარ ინფორმაციით, ჭყლეტა მაშინ მოხდა, როდესაც მდინარეში განბანის ცერემონია მიმდინარეობდა, თუმცა ოფიციალურად თუ რა გახდა ინციდენტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გარბის მომლოცველების ნაწილი ადგილიდან და წყლეტაც მაგ დროს იწყება.
თვითმხილველები ამბობენ, რომ დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ინციდენტი ადგილობრივი დროით ღამის 1 საათზე (გრინვიჩით 19:30 საათზე) მოხდა.
ცნობისთვის, მსგავსი ჭყლეტა ინდოეთში ბოლოს 2013 წელს, კიდევ ერთი დღესასწაულის აღნიშვნის დროს მოხდა - მაშინ 36 მომლოცველი დაიღუპა.