ქუთაისში სხვადასხვა პროფესიის და ასაკის ადამიანებმა “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელს, მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციას მართავენ.
ამ წუთებში, ქუთაისში, კოლხურ შადრევანთან ათეულობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილები და მზია ამაღლობელს მხარდაჭერას უცხადებენ.
მათი თქმით, რეჟიმის ყველა ტყვე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
ქუთაისელები 63-ე დღეა, ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს უკანონოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.
საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები 2024 წლის 28 ნოემბრიდან მას შემდეგ დაიწყო, რაც “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. აქციების დასაწყისში დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია იყენებდა წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს. დააკავეს ასობით ადამიანი, მათ შორის, 50-ზე მეტი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
რაც შეეხება მზია ამაღლობელს, ის 12 იანვარს “პოლიციელზე თავდასხმის” ბრალდებით დააკავეს. ამაღლობელი საპატიმროში, პროტესტის ნიშნად, მე-18 დღეა, შიმშილობს.