არალეგიტიმური პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე დასავლეთის, კერძოდ კი აშშ-ის კრიტიკას აგრძელებს და რუსულ პროპაგანდას იყენებს - კობახიძის მტკიცებით, აშშ-ის დაფინანსებამ ქვეყნებს "ომი და განადგურება" მოუტანა.
"ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ამერიკული დაფინანსება, ამერიკელი გადასახადების გადამხდელის ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში ვითარების არევას, რევოლუციურ სცენარებს და ა.შ. თქვენ გახსოვთ, დებატები, რაც წარიმართებოდა "გამჭვირვალობის კანონის" გარშემო, მაშინ ამბობდნენ, რომ ჩვენ ერთ სიბრტყეზე ვაყენებდით რუსეთს და აშშ-ს, განვიხილავდით უარყოფითად ამერიკულ დაფინანსებას და ა.შ. რეალურად რასაც ჩვენ ვფიქრობდით და ვამბობდით, ეს ყველაფერი პირდაპირ დაადასტურა იმ სახელმწიფომ მისი დღევანდელი ხელისუფლების სახით, რომელიც იყო დაფინანსების გამცემი.
პირდაპირ დაადასტურა აშშ-ის მოქმედმა ადმინისტრაციამ, რომ ამერიკელი გადასახადის გადამხდელის ფული, ამერიკული ფული ხმარდებოდა სხვა ქვეყნებში, ასე იყო საქართველოშიც, რევოლუციების მოწყობას, ქვეყნის არევას, მძიმე სცენარების განვითარებას და შესაბამისად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ "გამჭვირვალობის კანონს" ჰქონდა ძალიან დიდი დატვირთვა. ჩვენ მაშინ ვამბობდით, რომ არ ვაჩერებდით დაფინანსებას, უბრალოდ უზრუნველვყოფდით მის გამჭვირვალობას და რეალურად ტრამპმა გააკეთა იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ჩვენ გავაკეთეთ "გამჭვირვალობის კანონით". მან დაფინანსების არათუ გამჭვირვალობა უზრუნველყო, პირდაპირ გააჩერა ეს დაფინანსება და მთავარი მოტივი იყო სწორედ ის, რომ არასწორ, ძალიან მანკიერ მიზნებს ხმარდებოდა ეს დაფინანსება.
ბევრ ქვეყანაში ამ დაფინანსების შედეგი იყო რევოლუცია, იყო ომი და ათასი უბედურება. არაერთი და ორია ასეთი ქვეყანა, სადაც სწორედ ამ დაფინანსებამ მოუტანა ქვეყნებს განადგურება, ომი და ძალიან ბევრი პრობლემა", - თქვა კობახიძემ პროპაგანდისტული "იმედის" ეთერში.