სახალხო დამცველის განცხადებით, მისი ოფისი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ლევან იოსელიანის თქმით, ის არც სამედიცინო კონსილიუმის შექმნის წინააღმდეგია.
"ჩვენი ინტერესი, ისევე როგორც საზოგადოების, არის ის რომ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ინფორმაცია მაქსიმალურად სწრაფად მივიღოთ პენიტენციური დაწესებულებიდან. ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული იქნება ქალბატონი მზიას ინტერესებიდან გამომდინარე, თუ კონსილიუმის შექმნა იქნება აუცილებელი, მე წინააღმდეგი არა ვარ" - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ოფისმა განცხადებაც გაავრცელა. სადაც აღნიშნულია, რომ დაკავების დღიდან, სახალხო დამცველმა და მისმა რწმუნებულებმა, მათ შორის, სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულმა ექიმმა, მედიცინის დოქტორმა, შვიდჯერ მოინახულეს ჟურნალისტი.
"სახალხო დამცველის აპარატის ექიმი პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა 27 იანვარს, რა დროსაც გაესაუბრა როგორც მზია ამაღლობელს, ისე დაწესებულების სამედიცინო პერსონალს და გაეცნო მის სამედიცინო დოკუმენტაციას. იმ დროისთვის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს არასდროს ჰქონიათ და არ აქვთ უფლებამოსილება თავად ჩაატარონ სამედიცინო გამოკვლევები პენიტენციურ დაწესებულებებში.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილია, რომ მზია ამაღლობელს მიმდინარე კვირაში დამატებითი კვლევები ჩაუტარდა, რომლის შედეგები აპარატს უკვე გამოთხოვილი აქვს. სამედიცინო მასალებს კვლავ გაეცნობა და შეაფასებს აპარატში დასაქმებული ექიმი ასევე, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ ვიზიტს განახორციელებს.
ის სამედიცინო მასალები, რომლებიც ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატს გააჩნია, უკვე მიწოდებული აქვს მზია ამაღლობელის კანონიერი ინტერესების დამცველ ადვოკატს (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია).
გარდა ამისა, მზია ამაღლობელის მდგომარეობისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მზია ამაღლობელის მხარე მუდმივ რეჟიმში იღებს, დისტანციურად თუ პირადი შეხვედრებისას.
სახალხო დამცველის აპარატისთვის ასევე ცნობილია, რომ ადვოკატმა გამოითხოვა მზია ამაღლობელის სამედიცინო დოკუმენტაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, რაც ჯერ-ჯერობით არ მიუწოდებიათ. აპარატმა, ამ პროცესის დაჩქარების მიზნით, დაუყოვნებლივ, წერილობით მიმართა პენიტენციურ სამსახურს. აპარატი მიადევნებს თვალს, რომ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მასალების მიწოდება დაცვის მხარისთვის არ შეფერხდეს.
სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებენ აქტიურ მონიტორინგს მზია ამაღლობელის უფლებების, მათ შორის, ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით; გაგრძელდება მასთან ვიზიტები და მისი სამედიცინო მასალების შესწავლა/შეფასება; ხოლო, საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით დამატებით ინფორმაციას, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში."- აღნიშნულია განცხადებაში.
"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11 იანვარს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ბრძანებით დააკავეს, მას შემდეგ, რაც ამაღლობელმა დგებუაძეს სილა გააწნა. სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება.
ასევე, 14 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს, თუმცა ქუთაისის სააპელაციომ საჩივარი წარმოებაში არ მიიღო.
მზია ამაღლობელი მე-19 დღეა შიმშილობს.