ნორვეგიის პოლიციამ ნორვეგიაში რეგისტრირებული გემი Silver Dania დააკავა, რომლის ეკიპაჟიც რუსეთის მოქალაქეებისგან შედგება. ხელისუფლება იძიებს, მონაწილეობდა თუ არა გემი ბალტიის ზღვაში ლატვიასა და შვედეთს შორის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის დაზიანებაში. ჩრდილოეთ ნორვეგიის ქალაქ ტრომსოს პოლიციამ განაცხადა, რომ დაკავება ლატვიის ხელისუფლების მოთხოვნით მოხდა.
გემი Silver Dania, რომელიც ნორვეგიული კომპანიის საკუთრებაა და ნორვეგიის დროშის ქვეშ ცურავს, სანკტ-პეტერბურგიდან მურმანსკში მიდიოდა. ნორვეგიული გამოცემის Barents Observer-ის თანახმად, Silver Dania ეკუთვნის Fjord Shipping-ს, რომლის ფლოტი "მჭიდროდ თანამშრომლობს რუს პარტნიორებთან".
ლატვიის ქალაქ ვენსპილსიდან შვედეთის კუნძულ გოთლანდიამდე საკომუნიკაციო კაბელი კვირას დაზიანდა. ინციდენტის შემდეგ შვედეთის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ დააკავა მშრალი სატვირთო გემი Vezhen, რომელიც რეგისტრირებულია მალტაში და არის ბულგარული კომპანია Navigation Maritime Bulgare-ს ფლოტის ნაწილი. როგორც Reuters იტყობინება MarineTraffic ვებგვერდის მონაცემებზე დაყრდნობით, ეს ხომალდი რამდენიმე სხვასთან ერთად იმ ადგილას იმყოფებოდა, სადაც კაბელი დაზიანდა.
ბოლო პერიოდში ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა ბალტიის ზღვაში წყალქვეშა კაბელების დაზიანებისა. დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ შესაძლოა ინციდენტებში რუსეთი იყოს ჩართული, თუმცა მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.