ოთხმა პროდასავლურმა პარტიამ, სირიის ახალ ხელისუფლებას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გაუქმების თხოვნით მიმართა

გამოქვეყნდა:

ოთხმა პროდასავლურმა პარტიამ სირიის ახალ ხელისუფლებას რუსეთის მიერ საქართველოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სირიის მხრიდან აღიარების გაუქმების შესახებ მოთხოვნით მიმართა.

შესაბამისი განცხადება ამ თემაზე ერთობლივ ბრიფინგზე გაკეთდა: 

"ქართულმა პროდასავლურმა ოპოზიციამ, ოთხივე პარტიამ ჩვენი ხელმოწერით გავუგზავნეთ მიმართვა სირიის ახალ ხელისუფლებას, რომელიც მიუხედავად რუსეთის წინააღმდეგობისა, დღეს სათავეში უდგას საკუთარ ქვეყანას და ასადი მოგეხსენებათ, რომ დაემხო, ასადის კაცთმოძულე რეჟიმი და სირია დღეს ნელ-ნელა დგება ფეხზე. როგორც იცით, 2018 წელს სირიამ აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და საქართველოს ხელისუფლება იმ ვითარებაში, როდესაც ასადის კაციჭამია რეჟიმი წასულია და არის ახალი ხელისუფლება და იმის ნაცვლად, რომ მიმართოს ახალ ხელისუფლებას აფხაზეთს დამოუკიდებლობის უკან წაღების მოთხოვნით, სრული დუმილის რეჟიმში  იმყოფება ამ მიმართულებით. ამიტომ, ჩვენ, პროდასავლური ოპოზიცია, რომელიც რეალურად არჩევნების შედეგად უნდა მოვსულიყავით კოალიციურ ხელისუფლებაში, მაგრამ ხელისუფლება მიიტაცა ქართულმა ოცნებამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვახორციელებთ ჩვენს პატრიოტულ ვალს ჩვენი სამშობლოს ინტერესებში ვმოქმედებთ და სირიის ახალ ხელისუფლებას მივმართეთ თხოვნით და მოთხოვნითაც, რომ უკან წაიღოს აფხაზეთის აღიარება" განაცხადა ერთობლივ ბრიფინგზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტს:

"საქართველოს დემოკრატიული ძალების მიმართვა
სირიის ლიდერს აჰმედ ალ-შარაას

ჩვენ, საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალები, ვულოცავთ სირიის ხალხს ბაშარ ალ-ასადის სასტიკი დიქტატურის თქვენი ხელმძღვანელობით დამხობას. ვიმედოვნებთ, რომ თქვენს ქვეყანაში განხორციელებული ცვლილებები ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ პერსპექტივებს გახსნის. 

ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. 
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებულია მხოლოდ რუსეთის მოკავშირე დიქტატურული რეჟიმების მიერ, როგორებიცაა ვენესუელა და ნიკარაგუა. 2018 წელს დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმაც, რუსეთის მიერ მისი სასტიკი რეჟიმის მხარდაჭერის საპასუხოდ, აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს აღნიშნული რეგიონები. 
სირიელ და ქართველ ხალხს ურთიერთთანამშრომლობისა და მეგობრობის ათასწლოვანი ისტორია აკავშირებს. ჩვენს ერებს აქვთ ყველა საშუალება, რათა განავითარონ მართლაც ძმური და ნაყოფიერი ურთიერთობები ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ კონტექსტში, სირიის მიერ საქართველოს რეგიონების აღიარების გაუქმება გადამწყვეტ როლს ითამაშებდა. 
თქვენო აღმატებულებავ, გვსურს, დაგიდასტუროთ ჩვენი გულწრფელი პატივისცემა. 
პატივისცემით, საქართველოს ოთხი დემოკრატიული ალიანსის ლიდერები 
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, “კოალიცია ცვლილებისთვის” 
თინათინ ბოკუჩავა, 
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” 
ირაკლი კუპრაძე, “ძლიერი საქართველო” 
 ბერდია სიჭინავა, “გახარია - საქართველოსათვის”

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი