საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმში უნივერსიტეტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საყოველთაო პროტესტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, შიდა პროტესტის პარალელურად იზრდება მხარდაჭერა როგორც ევროპაში ასევე აშშ-შიც. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება საქართველოს გამარჯვებამდე და ის ამ ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით იქნება.
"ვერავინ შეაშინებს ქართველს, როცა იბრძვის იმისთვის, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი ევროპული. ეს არის მართალი ბრძოლა და მართალ ბრძოლაში არასოდეს მარცხდება ქართველი. ყველას მინდა გისურვოთ გამძლეობა. მე გამოსაჩენად არ ჩამოვსულვარ, ჩამოვედი იმისთვის, რომ გამოგიცხადოთ სოლიდარობა და გითხრათ რომ თქვენთან ვიქნები ბოლომდე, და ეს ბოლო არის საქართველოს გამარჯვება," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ აქციის მონაწილეები მარშით ევროპის მოედნისკენ წავიდნენ.