ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პრორუსი ოლიგარქის რეჟიმს სამართლებრივი განაჩენი გამოუტანა. პირველად საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე, სამართლებრივად და ოფიციალური დოკუმენტის დონეზე დაისვა საკითხი საქართველოში ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველოსთვის, როგორც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნისათვის, ამ დადგენილების შესრულება სავალდებულოა.
ევროსაბჭოში გაწევრიანება 1999 წელს იყო საქართველოს ევროპულ გზაზე პირველი ნაბიჯი და ცივილიზაციური განაცხადიც. თუმცა ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ევროპული გზა სამუდამოდ ჩახერგოს. რაც მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის, და რომელმაც დაახლოებით იგივე ტექსტით დატოვა ეს ორგანიზაცია, რა ტექსტებითაც თეა წულუკიანი გამოდიოდა.
"ქართული ოცნების" დელეგაციის უფლებამოსილება ასამბლეამ მართალია ცნო, მაგრამ წაუყენა პირობები, მათ შორის ახალი არჩევნების დასანიშნად და მას გარკვეული დრო მისცა. ივანიშვილის დელეგაციამ კი ამას იმით უპასუხა, რომ მუშაობა ცალმხრივად შეწყვიტა.
ევროსაბჭოდან ჩვენი ქვეყნის საერთოდ გამოსვლის ან გარიცხვის მძიმე სუსხს, თუკი აქამდე მივიდა საქმე, საქართველოს თითოეული მოქალაქე იგრძნობს, რადგან ისინი ვეღარ მიმართავენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს, და მხოლოდ მურუსიძის სასამართლოს იმედიღა უნდა ჰქონდეთ.