ეკითხებოდნენ რამდენი წლის იყვნენ და იმდენჯერ აგინებდნენ დედის მიმართულებით - ამბობს ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, რომელმაც 2 თებერვლის აქციაზე დაკავებულები დიღმის პოლიციის მთავარ სამმართველოში მოინახულა.
თითქმის ყველა დაკავებულს, ივანიშვილის პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა. მათ დაზიანებები აქვთ მიყენებული თავის, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში.
"მოვინახულე ორი დაკავებული ლუკა თეთრაძე და დიმიტრი ბიძინაშვილი. ლუკა თეთრაძე დაკავებისას მილიციელებმა სცემეს, მას აღენიშნება დაზიანებები, შესაბამისად ექიმმა შესაბამის დოკუმენტებში დააფიქსირა. მარცხენა ფეხის არეში აქვს ნაკაწრები და სისხლ ჩაქცევები" - ამბობს კიდევ ერთი ადვოკატი ბექა კვინიკაძე.
სცემეს ჟურნალისტებსაც. კლინიკებში იმყოფებიან ნაცემი მოქალაქეების ნაწილი.
სულ, ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანია დაკავებული, მათ შორის, სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე, ისტორიკოსი ირაკლი ვეშაგურიძე, პროფესორი მამუკა კომახია, პოლიტიკოსი გიგი უგულავა, რომელიც დიღმის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი. დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული გიორგი ქადაგიძე.
დაკავებულების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების გამოსაძიებლად, მათი ადვოკატები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ.