უფლებადამცველი ორგანიზაციები გენერალურ პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებენ, დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ სამართალდამცველების წინააღმდეგ, რომლებიც გუშინ, 2 თებერვალს, ჩართული იყვნენ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სადამსჯელო ოპერაციაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამ კუთხით, გამოყოფენ გდდ-ს ხელმძღვანელს, ზვიად ხარაზიშვილს [ხარება] და აცხადებენ, რომ კადრებით დასტურდება მისი მონაწილეობა მოქალაქეებზე ძალადობაში:
"უნდა გამოიყოს ზვიად ხარაზიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საჭიროება, ვინაიდან ის უშუალოდ მონაწილეობდა ძალადობაში და არსებობს შესაბამისი კადრები. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ხშირად საგამოძიებო უწყებები საუბრობენ ხოლმე იმაზე, რომ პოლიციელებს აქვთ ისეთი ჩაცმულობა, უკეთიათ ნიღაბი და მათი ამოცნობა ვერ ხერხდება, თუმცა ის კადრები, რომელიც გავრცელდა, იდენტიფიცირებას ახდენს კონკრეტული პირებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობაში. ამიტომ მათი სისხლისსამართლებრივი დევნა აუცილებლად უნდა დაიწყოს" განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე "საიას" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, გამოძიება დაიწყო გუშინდელ აქციაზე პოლიციის მხრიდან "უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების" ფაქტებზე.
უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში ქსელის ცხელ ხაზზე 26 პირის დაკავებაზე შევიდა შეტყობინება. დაკავებულთა მონახულება დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს ადვოკატებმა.
"დაკავებულები საუბრობენ პოლიციელთა მხრიდან მათ მიმართ დაკავებისას და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე. დაზიანებების სიმძიმის გათვალისწინებით, ქსელის ინფორმაციით, 5 პირი მოთავსდა სამედიცინო დაწესებულებაში."