განაჩენის გამოცხადებამდე, გიორგი ოკმელაშვილმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და ივანიშვილის სასამართლოზე მისი დაკავების შესახებ ისაუბრა. ოკმელაშვილმა აღნიშნა, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში:
"შავნიღბიანი „ბანდის“ წარმომადგენლები პოლიციის კორდონს ეყოფოდნენ და დემონსტრანტებზე ძალადობას იწყებდნენ. ნიღბიანების ასეთმა ქმედებამ მაფიქრებინა, რომ ეს ადამიანები პოლიციელები არ იყვნენ, უშვერი სიტყვებით გვლანძღავდნენ. პოლიციელი მგონია, რომ იცავს წესრიგს და სუსტებს, მათ მიმართ ასეთი შეგრძნება არ გამჩენია. ცხოვრებაში პოლიციელის მიმართ არასდროს გამომიჩენია უპატივცემლობა. ეს შავნიღბიანები თავისი ქცევით მაიძულებდნენ ჭიდაობაზე გადავსულიყავი, მორაგბე ვარ და მიჩვეული ვარ, ჭიდაობაში, ჯაჯგურში ჩემი თანამოაზრე დავიცვა. ზოგ შავნიღბოსანს ხელში რკინის ჯოხი ეკავა, რაც კიდევ მაეჭვებდა რომ ისინი რაღაც ხროვის წევრები იყვნენ და არა პოლიციელები. პოლიციელს ჩავარტყი არა მუშტი, როგორც ამას პროკურორი ამბობს, არამედ იდაყვი ჩავარტყი.
მთელი დილა შავნიღბიანები ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე მოდიოდნენ და გვირტყამდნენ. პრეზიდენტმა შეიწყალა ადამიანი, რომელიც დაახლოებით იგივე ქმედებას ჩადიოდა, აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, მეც ასე ვმოქმედებდი, ამიტომ ვკარი ხელი“, - განაცხადა ოკმელაშვილმა. [IPN]
ივანიშვილის სასამართლომ გიორგი ოკმელაშვილს დღეს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე გიორგი ოკმელაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ალექსანდრე ოხანაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, იდაყვის დარტყმით სახის არეში დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.