საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გადის პარლამენტის დაქვემდებარებიდან და გადადის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამასთან დაკავშირებით კანონპროექტი ოლიგარქის პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დააინიციირა, კანონპროექტის ავტორიც თავადაა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი უნდა განისაზღვროს ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი, რომელიც კანონპროექტის ავტორის აზრით, ამჯერად ბუნდოვანია.
"საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონით განსაზღვრული არ არის და შესაბამისად, ბუნდოვანია ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსი. პრაქტიკაში ის, ერთი მხრივ, განცალკევებულია პარლამენტისგან (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი მას მოიხსენიებს, არა როგორც პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულს, არამედ როგორც პარლამენტთან არსებულ დაწესებულებას). თუმცა, ამავე დროს, არ აქვს ცალკე სამართლებრივი სუბიექტის სტატუსი. ამასთან, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა ექვემდებარება საქართველოს პარლამენტს.
ზემოაღნიშნული თვალსაზრისით, ეროვნული ბიბლიოთეკის სტატუსი ამოვარდნილია საჯარო სფეროში დამკვიდრებული სტანდარტიდან, როდესაც მსგავსი ტიპის დაწესებულებებს აქვთ დამოუკიდებელი სამართალ სუბიექტურობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით.
ეროვნული ბიბლიოთეკის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრასთან ერთად, საზღვარგარეთის ქვეყნების მაგალითების, ასევე, „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი ნორმებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქმიანობა გააგრძელოს საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში და ამავე დროს, მიენიჭოს განცალკევებული სამართლებრივი სტატუსი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით. ამასთან, ეროვნული ბიბლიოთეკის სახელწოდებაში, სამართლებრივ სტატუსზე მითითების გარდა, მსგავსად „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონისა, უნდა მიეთითოს, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა არის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა." - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან თაქთაქიშვილი მოსალოდნელ ცვლილებას უარყოფითად აფასებს.
"მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გადის პარლამენტის დაქვემდებარებიდან და გადადის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამის შესახებ დღეს გადმომეცა პროექტი.
ჩემი აზრით, ეს არის მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც აუქმებს ქვეყნის საპარლამენტო ბიბლიოთეკას, პარლამენტი უარს ამბობს მისთვის მინიჭებულ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობაზე.
ასევე, ეს არის ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის სტატუსის შეცვლა, კულტურის სამინისტროსთან დაქვემდებარებით ის ინარჩუნებს მხოლოდ ეროვნული დეპოზიტარიუმის ფუნქციას, მაგრამ ის აღარ იქნება ის, რაც არის დღეს!
საქართველომ დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პარლამენტს დააკისრა ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის მზრუნველობა. დიახ, 1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი პარლამენტის ბიბლიოთეკის შექმნისა. მან, სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი ამ ბიბლიოთეკის ფონდების შეძენისათვის 500 000 მანეთის გამოყოფა. შეიძინეს დიმიტრი ერმაკოვის ფონდი, ვაიდენბაუმის კოლექცია, სავალდებულო ეგზემპლარის კანონიც მიაღებინა. ეს გააკეთა ცხონებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა. რას მოიფიქრებდა, რომ 2025 წელს დამოუკიდებელი საქართველო გააუქმებდა პარლამენტის ბიბლიოთეკას!
ჯერ კიდევ არ მიღებულა ეს მცდარი გადაწყვეტილება. მივმართავ პარლამენტარებს, ნუ შეცვლიან იმ გზას, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა შექმნა! ნუ ვიტყვით უარს საპარლამენტო ბიბლიოთეკაზე. ეროვნულ ბიბლიოთეკას ნუ დაუკარგავთ საპარლამენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას. ეს გადაწყვეტილება არ მომხდარა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციასთან შეთანხმებით. 1918 წლიდან არსებული ბიბლიოთეკის პირველი თეგი ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ წიგნებს აქვს დარტყმული. “- წერს ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში.