ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებასთან დაკავშირებით ქვეყანა პარალელური ზომების მიღებას განიხილავს.
როგორც ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, განვითარებულ საგანგაშო მოვლენებს საქართველოს პარტნიორებმა სხვადასხვა გზით უპასუხეს, მათ შორის ნორვეგიამაც.
გარდა ამისა, განცხადებაში გასულ წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზეც არის საუბარი და აღნიშნულია, რომ დაფიქსირდა ცნობები ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ.
"არჩევნებს სერიოზული კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რაც ოდირის ანგარიშშია ასახული. [არჩევნებიდან] ერთ თვეში მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ განაცხადა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ახლაც, ყოველდღიურად გრძელდება. დემონსტრანტები დროდადრო ხელისუფლების მხრიდან სასტიკ ძალადობას განიცდიან, მათ შორის ბოლოს, 2 თებერვალს თბილისში.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა განვითარებულ საგანგაშო მოვლენებს სხვადასხვა ზომებით უპასუხეს, მათ შორის განცხადებებით და კონკრეტული ნაბიჯებით. ასეთი ზომები ნორვეგიამაც მიიღო. ნორვეგიამ შემდეგი ზომები მიიღო: საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით არანაირი ახალი პროექტები; საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი არხებით თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის შემცირება, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეჩერება; პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების შემცირება.20 დეკემბერს ნორვეგია იმ ქვეყნებს შორის იყო, რომლებმაც საქართველოსთან დაკავშირებით ეუთოს ვენის მექანიზმი აამუშავეს. ეს მექანიზმი ნიშნავს, რომ შესაბამისი ქვეყნის ხელისუფლებამ გარკვეულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს მოცემულ ვადაში. კითხვები ეხებოდა საქართველოს ერთგულებას იმ ღირებულებებისა და პრინციპების მიმართ, რომლებზეც საქართველომ, როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ, აიღო ვალდებულება.
27 იანვარს ევროკავშირმა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველი მოგზაურებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ნორვეგია პარალელური ზომების მიღებას განიხილავს", - აღნიშნულია განცხადებაში.