მეორე სასამართლო სხდომაა მამაჩემი ვერ ესწრება ჯანმრთელობის გამო, ოჯახს გვაინტერესებს მისი მდგომარეობა | დავით ლომიძის შვილი

გამოქვეყნდა:

დავით ლომიძის შვილის განცხადებით, ოჯახს დაკავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. ლომიძე დღევანდელ სასამართლო სხდომას ვერ დაესწრო. ცნობილი გახდა, რომ ის ციხის საავადმყოფოშია გადაყვანილი: 

"მეორე სასამართლო სხდომაა მამაჩემი ვერ ესწრება ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ვითხოვთ რომ ან ვივა მედში გადაიყვანონ, ან შესაბამის დაწესებულებაში. როგორც ამ მომენტში მაქვს ინფორმაცია, არის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანილი. რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, არანაირი ინფორმაცია ოჯახის წევრებს არ გვაქვს. პირველ რიგში, ჩვენი ოჯახის წევრების ინტერესია გავიგოთ მისი მდგომარეობა. იყო სასტიკად ნაცემი,  რამაც გამოიწვია ის პრობლემები რაც აქვს დღეს" ამბობს დავით ლომიძის შვილი ლევან ლომიძე.

ლომიძეს დაკავებამდე ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული. საპოლიციო ძალების მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად კი მისი მდგომარეობა დამძიმდა. 

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი 2024 წლის 1-ელ დეკემბერს, ღამის საათებში, თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ჭიჭინაძის ქუჩაზე თავს დაესხნენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს და მათ ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" ესროლეს. ასევე, მათივე მტკიცებით, აღნიშნული ქმედების შედეგად ცეცხლი წაეკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებულ წყლის ჭავლის სპეციალურ ავტომანქანას.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 დეკემბერს დააკავეს.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი