"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი, ბადრი გრიგალაშვილი, რომელიც ოლიგარქის სასამართლომ გუშინ 2 500 ლარით დააჯარიმა, დეტალურად იხსენებს რა ხდებოდა დაკავების მიკროავტობუსში და საპოლიციო ძალების მხრიდან ძალადობის მორიგ შემთხვევას აღწერს:
"ჩემს გვერდით 16 წლის ბიჭი ზის, არ ჩანს ამ კადრში.
ოთხივე მოლის მხარეს, შემაღლებულ ფერდობზე ვიდექით, არათუ გზას არ ვკეტავდით, ტროტუარზეც არ ვმდგარვართ, ამ დროს სავალ ნაწილზე უკვე მთლიანად ხარებას ხალხი იყო ჩამდგარი. გვემუქრებოდნენ შემაღლებული ტერიტორიიდანაც გავქცეულიყავით, მაგრამ მახსოვს ახალგაზრდა გოგოსკენ დაიძრა რამდენიმე ნიღბიანი და მაგ დროს გავშეშდი, ვერ გავიქეცი ისეთი მუქარები გავიგე ამ გოგოს მისამართით. ამ ფიქრებში – როგორ დავხმარებოდი, რამდენიმე ნიღბიანი მწვდა და გზაზე დამაგდეს, მიკროავტობუსამდე ყველა მხრიდან ცემა–ტყეპის კორდონი გამატარეს, რასაც რამოდენიმე მეტრიდან ხარებაც ადევნებდა თვალს და საბოლოოდ ამ მიკროავტობუსში შემაგდეს. შიგნით დამხვდა ის არასრულწლოვანი ბიჭი და უკან მომყვნენ დანარჩენებიც(ერთმანეთი პირველად იქ გავიცანით, საოცრად გაბედული ხალხია, ბრძოლის ხასიათზე რომ მოგიყვანენ ისეთი). მათ ამოყვა 4 ნიღბიანი და კარებიც დაიკეტა.კარის დაკეტვისთანავე დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში ფიზიკურად გვისწორდებოდნენ, მუქარის ძალით წაგვართვეს ტელეფონები, სხვა პირადი ნივთები და მერე ხელზე ე.წ. ხამუთების დადება დაიწყეს. ბიჭების ხელებზე ყველა შეაწყდათ, მე გამიკეთეს და მაჯებზე ისე მომიჭირეს, რომ სანამ საპატრულო ეკიპაჟი მომხსნიდა, ხელის მტევნებში სისხლი თითქმის აღარ მიმოძრავებდა. დანით გამიჭრეს პატრულის თანამშრომლებმა ეს ხამუთები და მაგ დროს ამოვისუნთქე. დაკავებიდან დაახლოებით 15 წუთში.
ფსიქოლოგიურად შემზადებული ვიყავი მსგავსი სცენარისთვის, წარმოდგენილი მქონდა დაახლოებით რა ტკივილის და შეურაცხყოფის ატანა მომიწევდა, მაგრამ ნიღბიანებს შორის ერთ–ერთი ისეთ ზიზღს და აგრესიას აფრქვევდა, ენით არ აღიწერება ეგ ამბავი. როცა ერთ–ერთ დაკავებულს ცემის დროს თან დედას აგინებდა, ამ ბიჭმა თხოვა დედას ნუ მაგინებ – არ არის ცოცხალი, მაგას მირჩევნია მეტი მირტყაო. ამან გინება მართლა შეწყვიტა და ძალადობასაც მოუმატა. პირდაპირ გაიგო ნათქვამი. ეგეთი ხალხის სპეცრაზმში და სახელმწიფო სამსახურში ყოფნა კი არა, ზოგადად გარეთ ყოფნაა საშიში, იმ მომენტში უფლება რომ მიეცათ ცოცხალს არ დაგვტოვებდა არცერთს.
ამის მერე კარი ისევ გაიღო, სხვა ნიღბიანმა ამოძახათ ბევრი კამერაა მორჩით ჩამოდითო და ესენიც გინებ–გინებით, გულდაწყვეტილები რომ მეტი არ გვირტყეს, ერთიანად ჩალაგდნენ. ამის მერე დაიძრა მიკროავტობუსი, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს გადაგვცეს და წამებაც დამთავრდა.
ეს მოხდა ამ მიკროავტობუსში.
16 წლის ბიჭი(სახელი ვერ დავიმახსოვრე) მალევე გაათავისუფლეს. დანარჩენებმა 48 საათი გავატარეთ იზოლატორში და სასამართლოში 2400 ლარიანი ჯარიმები შეგვიფარდეს.
სამართლიანობის ასეთი გაგება დამკვიდრდა წილხვედრში – ჯერ უმიზეზოდ დაგაკავებენ, მერე დაგამცირებენ, გაწამებენ, ოთხკედელში გამოგკეტავენ და ბოლოს ტორტზე მარწყვივით ჯარიმით დაგვირგვინდება თავგადასავალი.
ვფიქრობდი ეს დეტალები დამეწერა თუ არა, ისედაც დაზაფრულია ხალხი, მაგრამ ისეთები მოხდა, ისეთები დაიწერა და ისეთები ვნახეთ, ბარემ ესეც იყოს – იქნებ ერთ ქოცს მაინც წააკითხოთ, როცა გკითხავენ – "რას დაეხეტებიან ქუჩა–ქუჩა ეს ახალგაზრდები".
ბრძოლა გრძელდება – სანამ ყველა უდანაშაულო პატიმარს არ გამოვიხსნით, არცერთი წამით არ იქნება უკან დახევა. არც ჩემგან და არც ბიჭებისგან, დარწმუნებული ვარ ამაში.
პ.ს. ხარებას რაზმის მიმართ ბრაზს პატრულის თანამშრომლებიც ვერ მალავენ საუბარში. იმათი სადიზმის გაპრავება ამათ უწევთ." წერს გრიგალაშვილი.
გრიგალაშვილი პოლიციამ 2 თებერვალს, აღმაშენებლის ხეივანზე, Tbilisi Mall-თან მიმდინარე აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავა.
[ფოტო: პუბლიკა/ მინდია გაბაძე]