ალექსანდრე ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ობიექტებისა და სამხედრო ფორმირებების განლაგების ნებართვა გასცა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ხსენებული ნებართვის გაცემა ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, რომელსაც ლუკაშენკომ ხელი მინსკში, 2024 წლის 6 დეკემბერს მოაწერა - შეთანხმება უსაფრთხოების გარანტიებს ეხება "საკავშირო სახელმწიფოს" ფარგლებში.
5 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი რუსეთსა და ბელარუსს შორის ამ ხელშეკრულების რატიფიცირების შესახებ. დოკუმენტის ტექსტი გამოჩნდა რუსეთის დუმის ვებსაიტზე და ბელარუსის ინფორმაციის მოპოვების სისტემაში ETALON-ONLINE.
გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს ე.წ. ბირთვული ქოლგის შექმნას, რომელიც 2 სახელმწიფოს კონსტიტუციური წყობის დაცვას ემსახურება. ხელშეკრულება გაფორმებულია 10 წლის ვადით და მისი შეწყვეტა მხოლოდ "მეორე მხარის ასეთი განზრახვის შესახებ წერილობითი შეტყობინებით შესაბამისი პერიოდის გასვლამდე მინიმუმ ექვსი თვით ადრეა" შესაძლებელი.
ცნობისთვის, დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი ბელარუსში წელს ჯარების განთავსებასა და ქვეყნის ომში ჩათრევას გეგმავს.