"ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებსა და შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონში რეპრესიული ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო.
ოლიგარქის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად ოლიგარქისვე პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს გადაეგზავნება.
"ოცნებამ" მეორე მოსმენის დროს კანონპროექტში შესწორებები შეიტანა და ისეთ სამართალდარღვევებზე, რომელიც ადრე მხოლოდ ჯარიმას ითვალისწინებდა პატიმრობაც დაუმატა.
შესწორებები შეკრება-მანიფესტაციების კანონის მე-9, მე-11 და მე-11 პრიმა მუხლის დარღვევისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობებს შეეხო.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რომელიც გულისხმობს ადმინისტრაციული შენობების, გზების და მაგისტრალების ბლოკირებას ან შეკრებებზე ძალადობისკენ მოწოდებას, აკრძალული ნივთების ქონას, გზის გადაკეტვას, პირველ ვერსიაში გათვალისწინებული იყო 5000-ლარიანი ჯარიმა საგნის კონფისკაციით, ორგანიზატორის შემთხვევაში – 15 000 ლარის ჯარიმა. ახალი ცვლილებით, ჯარიმა იქნება 5000 ლარი ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ორგანიზატორის შემთხვევაში კი – 15 000 ლარი ჯარიმა და 20 დღემდე პატიმრობა. ქმედების განმეორებითი ჩადენა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე, ნაცვლად კანონპროექტის პირველ ვერსიაში შემოთავაზებული 20 დღისა.ორგანიზატორის შემთხვევაში განისაზღვრა 60-დღიანი პატიმრობა.
აქციაზე სახის დაფარვის და ლაზერის ტარების აკრძალვის დარღვევა, თავდაპირველად პატიმრობას არ ითვალისწინებდა, ცვლილებით კი გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარით ან 7 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.