ხელვაჩაურში, სოფელ ჯოჭოში მეწყერში მოყოლილ 5 ადამიანს ამ დრომდე ვეძებენ. სამძებრო სამუშაოები ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მიწის მასამ სახლი და მანქანა ჩაიტანა. თედორაძეების სახლში მეწყერის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.
მეწყერმა მოიყოლა ავტომანქანაში მყოფი ორი პირიც.
სტიქიაზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. უწყება ადასტურებს, რომ მაშველები დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.
სტიქიის ზონაში მივიდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და ბათუმის მერი. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად, ქვეყნის სხვადასხვა ადგილიდან სამაშველო ჯგუფები ჩავლენ.
სტიქია აჭარაში რამდენიმესაათიანმა გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.