კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე "გახარია საქართველოსთვის" წევრებს მიმართავს და დროული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
როგორც ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, იმისთვის, რომ "ოცნების" პარლამენტი საკანონმდებლო საქმიანობისთვის სრულად უუნარო გახდეს, მნიშვნელოვანია ოფიციალურად შემცირდეს ე.წ. დეპუტატების რაოდენობა:
"მნიშვნელოვანია, ჩვენც ლეგალურად დავტოვოთ ისინი იზოლაციაში. რუსთაველის 8 ნომერში შეკრებილი ადამიანები სრულად უუნარონი ხდებიან საკანონმდებლო საქმიანობისთვის. ოპოზიციური მანდატების გაუქმებით ე.წ. დეპუტატთა რიცხვი 89-მდე მცირდება. ეს რაოდენობა შეუძლებელს ხდის, ლეგიტიმური გადაწყვეტილების მისაღებად. ეს იყო ჩვენი, 4 კოალიციის სტრატეგია, რომ ეს ხალხი დარჩენილიყო მარტო.
გვაქვს ესეთი მოცემულობა, რომ ქაღალდზე, მიუხედავად იმისა რომ 89 მანდატი გააჩნია ქართულ ოცნებას, ქაღალდზე დღეს 101 დეპუტატი არსებობს. საკითხი დგას იმ კოალიციაზე, რომელსაც "გახარია საქართველოსთვის" ჰქვია და აქ ჩნდება საკმაოდ სერიოზული კითხვა ფარული ლეგალიზაციის და ფარული ხელშეწყობის იმ ძალისადმი, რასაც ქართული ოცნება ჰქვია და ჩემთვის ეს არის რუსული ხელისუფლება საქართველოში.
საბოლოო გამარჯვებას რომ მივაღწიოთ ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია რომ გახარია საქართველოსთვის, მიიღოს გადაწყვეტილება და აქ დროის გაწელვა იმუნიტეტის გამო, დაფინანსების გამო, არის არარელევანტური, არაობიექტური, არასამართლიანი და მათ უნდა მიიღონ ძალიან სწრაფად გადაწყვეტილება. არანაირი სურვილი არა მაქვს, რომ სხვას მივუთითო ვინ როგორ იცხოვრებს, მაგრამ არჩევანი მათზეა და ჩვენ , ამ ბრძოლაში მყოფმა ადამიანებმა, უნდა ვიცოდეთ ვინ არის ჩვენი პარტნიორი. " აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, არალეგიტიმურმა პარლამენტმა სამ კოალიციას - "ძლიერი საქართველოსთვის", "კოალიციას ცვლილებისთვის" და "ერთიანობა ნაციონალურ მოძრაობას" საპარლამენტო მანდატები 5 თებერვალს გაუუქმა.
ინდივიდუალური მანდატების გაუქმებისა და სიის ჩახსნისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს გახარიას პარტიას.