"ჩვენი ძალა იმაშია, რომ ბევრნი ვართ და ფიქრი შეგვიძლია..." | ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე

გამოქვეყნდა:

"საჯარო ბრეინსტორმინგი გამოსავლის ძიებაზე არის ძალიან კარგი. ჩვენი ძალა იმაშია, რომ ბევრნი ვართ და ფიქრი შეგვიძლია; ციფრული სამყარო ერთად ფიქრში გვეხმარება. რას ვფიქრობ მე:

1. როცა გვცემენ, გვიჭერენ, გვაგინებენ, ახალი ‘კანონებით’ გვზღუდავენ - წყობიდან გამოვდივართ, ვყვირივართ, ვჩხუბობთ, ქუჩაში გავრბივართ. როგორც კი აპაუზებენ ამ ყველაფერს ან არბილებენ, ბევრს (შეიძლება უმეტესობას) თითქოს ავიწყდება ყველაფერი და გადადის ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე. ეს პრობლემაა. ან მართლა ვიაზრებთ რომ ომში ვართ, მეორე მხარეს რუსეთია (ივანიშვილის გვარმა არ უნდა მოგვატყუოს, ორჯონიკიძესაც ქართული გვარი ჰქონდა) და სანამ არ მოვიგებთ არ უნდა გავჩერდეთ, ან ვერ გადავრჩებით;

2. თითოეულს ინდივიდუალურად მოუწევს გადაწყვიტოს, იბრძვის ბოლომდე თუ პარალელურად გეგმა B-ს ალაგებს. ეგეთი ომია ეს. ზუსტად რომ ვიცოდეთ ორ კვირაში ვიგებთ, ყველა აქეთ მხარეს იქნებოდა უკვე. მაგრამ არაა ეგრე. ჩვენ შეიძლება მხოლოდ გვჯეროდეს რომ ეს ბრძოლა რომც წავაგოთ ახლა, ჩვენი შვილები გააგრძელებენ და მაინც მოიგებენ. ისე როგორს სჯეროდათ ჩვენამდე. ისე როგორც მოუგიათ ჩვენამდე. რწმენის საკითხია. და ამ რწმენით თუ ვიქნებით, უეჭველი მოვიგებთ ახლა;

3. დღეს ამ ომში აღმოჩენა ჩვენი არჩევანი ნაკლებადაა. მე არ ამირჩევია ეს. ისე მოხდა რომ ჩემს მიერ წლების განმავლობაში გაკეთებულმა ბევრმა არჩევანმა და ისტორიულმა გარემოებებმა განაპირობა ჩემი დღეს აქ, ამ მდგომარეობაში ყოფნა. ყველა ასე ვართ. არჩევანი ახლა გვაქვს გასაკეთებელი. ვიბრძვით თუ ვეცლებით. ადრე სადღაც ვთქვი და მართლა ასე მგონია: ამ ბრძოლაში ყოფნა პრივილეგიაა. მილიარდობით ადამიანი ისე მიდის ამ ქვეყნიდან რომ აზრს ვერ აყოლებს ცხოვრებას. და კაცობრიობის ისტორიაში ადამიანმა ჯერ ვერ მიაგნო ცხოვრებისთვის უფრო დიად აზრს, ვიდრე თავისუფლებისთვის ბრძოლაა. თუ ამას დაივიწყებ შიშის (რისი შიშიც არ უნდა იყოს) ან კომფორტის გამო, მაშინ რითი განსხვავდები ქოცისგან?

4. დღევანდელ რეჟიმს ალბათ აქვს რაღაც უნიკალური მახასიათებლები, მაგრამ ყველა დიქტატურას თუ დიქტატურის შექმნის მცდელობას ასევე აქვს ბევრი საერთო ნიშანი, თვისება, განვითარების ტრაექტორია. ეს ყველაფერი შესწავლილია, აღწერილია. არ არის საჭირო ტვინის ჭყლეტა და დროის კარგვა ისეთ რაღაცეებზე, რაც სხვებმა უკვე მეცნიერულად იკვლიეს. შეიძლება წაკითხვა და ნახვა რაზე იდგა ესა თუ ის რეჟიმი და როგორ მოხერხდა მისი დამარცხება;

5. რუსეთის ანალოგია ჩვენთვის ყველაზე რელევანტურია. ‘რუსული კანონი’ 2012-ში მიიღეს იქ. მილიონობით ადამიანი გამოდიოდა ქუჩაში. ცეკვავდნენ, მღეროდნენ, დარწმუნებული იყვნენ რომ პუტინი დამთავრდა. დღეს ვხედავთ სადაც არიან. რუსეთში აღარ არსებობს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, კრიტიკული მედია და ქუჩის პროტესტი რომლებიც ჯამში პრობლემას შეუქმნის პუტინის რეჟიმს. თუ იგივე რუსები დგანან დღეს ჩვენს წინააღმდეგ ვინც ეს რუსეთში შესძლო, და თუ ჩვენ მოვიქცევით ისე როგორც რუსეთში იქცეოდა ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი, კრიტიკული მედია და ხალხი ქუჩაში, ეს ბრძოლა რატომ დამთავრდება განსხვავებული შედეგით? წილხვედრობა გვიშველის?

6. რა არის მსგავსი ჩვენსა და 13 წლის წინანდელ რუსეთს შორის რასაც ვერ ვშველით: ა) რესპრესიები (ძალოვნებზე კონტროლი, ძალადობა/დაკავებები, შეზღუდვები/ცენზურა), ბ) ინსტიტუტების კონტროლი (ცესკო, მართლმსაჯულება, პარლამენტი, ერ. ბანკი, ყველაფერი) გ) ეფექტური პროპაგანდა დ) რესურსებზე მონოპოლია (ადამიანების დიდი ნაწილის შემოსავალი დამოკიდებულია მთავრობაზე). აქ არაფერია ახალი;

7. რა არის რაც განგვასხვავებს 13 წლის წინანდელი რუსეთისგან ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო: ა) საერთაშორისო მხარდაჭერა - ჩვენ რაც ახლა მხარდაჭერა გვაქვს რუსებს არ ჰქონიათ ბ) გეოპოლიტიკური კონტექსტი - 13 წლის წინ დასავლეთი (ევროპა) ასეთი თვალახელელი არ იყო იმასთან დაკავშირებით თუ რას წარმოადგენს პუტინის რეჟიმი (უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ჰქნა ეგ) გ) კულტურული კონტექსტი - მე მჯერა რომ ჩვენ არ ვართ რუსები როცა საქმე ეხება თავისუფლების სიყვარულს;

8. რა არის მსგავსი ჩვენსა და 13 წლის წინანდელ რუსეთს შორის, რისი შეცვლაც შეგვიძლია: ა) ოპოზიციური ველის ფრაგმენტაცია, იდეოლოგიური განსხვავებები, პირადი კონფლიქტები ბ) მეტწილად აქედან გამომდინარე სტრატეგიული დაგეგმვის შეუძლებლობა და სპონტანური აქტივობები გ) აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი აპათია, უნდობლობა, რასაც აღრმავებს რეპრესიების შიში;

9. ეს წინა სამი პუნქტი კარგად წაიკითხეთ. ჩემი მოფიქრებული ან დაკვირვების შედეგად გამოტანილი დასკვნები არაა. იგუგლება ეს ყველაფერი;

10. ეს კი ჩემია - მთავარი პრობლემა ნდობის არ არსებობაა ერთი მხრივ პოლიტიკოსებს შორის, ხოლო მეორე მხრივ ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის. 90-იანებში რომ ყველა ყველას სუკის აგენს ეძახდა, მაქედან ვერ გამოვედით ჯერ ისევ. რეჟიმის პროპაგანდა ყველანაირად ხელს უწყობს რომ ნდობა არ გაჩნდეს. ნდობის არ არსებობის პირობებში არ არსებობს საკმარისი კომუნიკაცია ერთმანეთში. კომუნიკაციის, ერთად ფიქრის და ერთად საქმის კეთების გარეშე ვერ ჩნდება ნდობა. მანკიერი წრეა, რომელსაც თუ არ გავარღვევთ, ზუსტად ის დაგვემართება რაც რუსეთში დაემართა ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს და ქვეყანას. ან ვინმემ უნდა დამარწმუნოს რომ ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ ვიდრე რუსეული ოპოზიცია იყო და რაღაცას ისეთს ვაკეთებთ რაც რუსეთში ვერ მოიფიქრეს და ვერ გააკეთეს;

11. და ბოლოს, ისევ ნდობაზე - მე არ ვენდობი მხოლოდ მათ ვისაც ბოლო წლების განმავლობაში რეჟიმი არ შეხებია: არავინ დაუჯარიმებიათ, არავინ უცემიათ, არავისთან დაურეკავთ მუქარებით, არავინ ჩასაფრებია, სასამართლოში არ ურბენიათ, სისხლიან ბანერებზე არ გამოუკრავთ, არავინ დაუჭერიათ და ა.შ. ეგენი ან თანამშრომლობენ რეჟიმთან ან სასარგებლო იდიოტები არიან ან არასოდეს ჰქონდათ ტრაკი რეჟიმს რეალურად დაპირისპირებოდნენ და ამიტომ რეჟიმს ეკიდა. ვირეშმაკა, იდიოტი ან მხდალი ამ ბრძოლაში არ გამოდგება."

- წერს Facebook-ზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი