ოლიგარქის პრემიერის ირაკლი კობახიძის თქმით, გაზეთ "ბათუმელების" წარმომადგენლებს იქამდე არ შეხვდება, სანამ ისინი სინანულს არ გამოხატავენ:
"სამართლებრივ შეფასებაში ვერ შევალ. შემიძლია საერთო შეფასება გავაკეთო იმ სამართალდარღვევისა, რომელიც ჩადენილ იქნა. არ შეიძლება ვიღაცამ სცადოს ასე მარტივად ხელი აღმართოს სახელმწიფოზე, სახელმწიფოს წარმადგენელზე. ამას სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება სჭირდებოდა - მთავარი პრობლემაა, რომ ვერ ვხედავთ ვერავითარ სინანულს. რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც მოვისმინეთ, მაგრამ არანაირი სინანული! მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა. ეს საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე, სამართლებრივი საკითხები სასამართლოში და პროკურატურაში უნდა გაირჩეს. ვინმეს თუ უნდა გამოხატოს სინანული, რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი იქნება და სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. ამის შემდეგ შეიძლება დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე და შეხვედრებზე. მაგრამ, როდესაც სინანულს არ გამოხატავენ და ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას ცდილობენ, ეს უკიდურესად მიუღებელია და ამის მიმართ ლოიალურები ვერ ვიქნებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ყოფნისას.
გაზეთ "ბათუმელების" დამფუძნებლის, რეჟიმის პატიმარ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს შეხვედრა "ბათუმელების" მთავარმა რედაქტორმა, ეთერ თურაძემ შესთავაზა.
დაპატიმრებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 28-ე დღეა შიმშილობს. მზია ამაღლობელს პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.