საქართველოში ჩინური სათვალთვალო კამერების წილი მკვეთრად იზრდება | რა საფრთხეს შეიცავს ეს ტექნოლოგიები ავტორიტარული რეჟიმების ხელში

გამოქვეყნდა:

ქართულ ბაზარზე ჩინური კომპანიების მიერ წარმოებული სათვალთვალო ტექნოლოგიების წილის მკვეთრად იზრდება. ამის შესახებ საუბარია "სამოქალაქო იდეის" კვლევაში, რომელმაც ქართული სამთავრობო ინსტიტუტების მიერ ჩინური სადაზვერვო ტექნოლოგიების შესყიდვის საკითხი გამოიკვლია.

"სამოქალაქო იდეამ", საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის საფუძველზე, მოიკვლია ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მხრიდან ჩინეთში წარმოებული სამეთვალყურეო კამერების შესყიდვის შემთხვევები. მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წელიწადში ჩინური ტექნოლოგიების შეძენის მზარდი ტენდენციაა.

2019-2024 წლებში ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების შესაძენად 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. კერძოდ, თუკი მაგალითად, 2023 წელს 151 592 ლარის სულ 6 შესყიდვა განხორციელდა, 2024 წელს ეს რიცხვი 13-მდე გაიზარდა, რომელშიც ხელისუფლებამ 2 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ ქართულ ბაზარზე ჩინური სამეთვალყურეო კამერების შემსყიდველები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, სამინისტროები და მათი საქვეუწყებო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სხვა. რაც შეეხება შესყიდული კამერების მწარმოებლებს, მათ შორის არიან საერთაშორისო დონეზე არაერთ სკანდალში გახვეული და საეჭვო რეპუტაციის მქონე ისეთი ჩინური კომპანიები, როგორებიცაა;

  •  Zhejiang Dahua Vision Technology Co., Ltd.,
  •  Hangzhou Hikvision Digital Technology Co.,Ltd
  •  Tiandy Technologies Co., Ltd.

2019-2024 წლებში  ჩინური წარმოების სამეთვალყურეო კამერების ყველაზე მსხვილი შემსყიდველი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია იყო. საყურადღებოა, რომ კომისიამ 2024 წელს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, შეიძინა 1 694 368 ლარის ღირებულების სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც Xiamen Milesight Technology Co., Ltd-ის მიერაა წარმოებული.

რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ 2019-2024 წლებში უფრო მეტი შესყიდვებია განხორციელებული, ვიდრე უშუალოდ ცენტრალური ხელისუფლების (სამინისტროების) მიერ. შემსყიდველთა შორის არიან შუახევის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, მარტვილის  მუნიციპალიტეტის მერია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი და ქალაქ ქუთაისის მერია. შესყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი 2024 წელს განხორციელდა.

ქ. თბილისის ფარგლებში, 2019, 2020 და 2024 წლებში შესყიდვები აქვთ განხორციელებული ქ. თბილისის საკრებულოს აპარატს, სამგორის რაიონის გამგეობას, დიდუბის რაიონის გამგეობასა და უშუალოდ მერიას.

თბილისის მერიის და ადგილობრივი გამგეობების შემდგომ, ჩინური სამეთვალყურეო კამერების მსხვილი შემსყიდველები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებ.

რაც შეეხება ქართულ კომპანიებს, ჩინური სამეთვალყურეო კამერების შესყიდვის მხრივ წამყვანია შპს გარდაბნის თბოსადგური 2, რომელმაც 2022 წელს 180 588 ლარის ღირებულების სამეთვალყურეო კამერები შეიძინა. მის გარდა, აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შესყიდვები განხორციელებული აქვთ ისეთ კომპანიებს, როგორებიცაა შპს ეკოსერვის ჯგუფი, შპს "ბათუმის წყალი", შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია.

სამინისტროებსა და მათ ქვეუწყებებს შორის ჩინური სათვალთვალო ტექნოლოგიების ყველაზე მსხვილი შემსყიდველია საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი, რომელსაც 2021, 2022 და 2023 წლებში აქვს განხორციელებული შესაბამისი შესყიდვები. დეპარტამენტის მიერ შეძენილი კამერები ძირითადად Tiandy Technologies Co., Ltd და Hikvision-ის მიერაა წარმოებული.

კვლევის ავტორების შეფასებით, ჩინეთის სათვალთვალო კამერებთან დაკავშირებული საერთაშორისო სკანდალებისა და შემთხვევების გათვალისწინებით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი კრიტიკული სახელმწიფო უწყებების მხრიდან განხორციელებული შესყიდვები, როგორებიცაა საქართველოს პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო.

აღნიშნული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს კიბერუსაფრთხოებისა და მონაცემთა უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა, წამყვან ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ჩინეთის კომუნისტურ პარტიას შორის ახლო კავშირები ხსენებულ რისკებს ამწვავებს. შესაბამისად, აღნიშნული ტექნოლოგიები ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარისკოდ მიიჩნევა. აშშ-მ და რამდენიმე ევროპულმა სახელმწიფომ, ეროვნული უსაფრთხოების რისკების გამო, Hikvision-ისა და Dahua-ს მიერ წარმოებული სათვალთვალო აღჭურვილობის კრიტიკულ სექტორებში გამოყენება შეზღუდეს.

ამავდროულად, საყურადღებოა, რომ 2019-2024 წლებში განხორციელებული 46 სახელმწიფო შესყიდვიდან 26 შემთხვევაში შესყიდული კამერები Hikvision-ის მიერაა წარმოებული. აღნიშნული კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქციის იმპორტი კი, ბოლო წლებში არაერთმა დასავლურმა სახელმწიფომ აკრძალა.

ერთ-ერთი ბრალდება, რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფოები ჩინურ სამეთვალყურეო ტექნოლოგიებს უყენებენ, არის ავტორიტარული პრაქტიკების ხელშეწყობა. ხშირად აღნიშნულ აღჭურვილობებში ინტეგრირებულია ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა სახის ამოცნობა და ბრბოს ანალიზი. ჩინეთში აღნიშნული ტექნოლოგიები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, დისიდენტებისა და ეთნიკური უმცირესობების, მათ შორის, სინძიანში მცხოვრები უიღურების მონიტორინგისთვის გამოიყენება. ამიტომ, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩინური სამეთვალყურეო ტექნოლოგიები შესაძლოა ავტორიტარულმა რეჟიმებმა მსგავსი პრაქტიკების განსახორციელებლად და მასობრივი ზედამხედველობისთვის გამოიყენონ. ეს კი, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას და ძირს გამოუთხრის დემოკრატიასა და სამოქალაქო თავისუფლებებს.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი