აქტივისტი, ნიკა ნარსია წერს, რომ მასთან სახლში დილის 8:00 საათზე პოლიცია მივიდა და ოქმი ჩააბარა.
მისი თქმით, აქციაზე გზის გადაკეტვის მოტივით, 5 000 ლარით დააჯარიმეს.
"დილის 8:00 საათზე ისმის კარებზე ძლიერი ბრახუნი, გამეღვიძა, მე მეუღლე და 8 თვის შვილი ტასო ვცხოვრობთ წეროვანში საიდანაც ყოველ დღე დავდივარ აქციებზე.
გავაღე უცებ კარები მეთქი ჩემი ძაღლი ხომ არ გადახტა გარეთ ეზოდან, "კანე კორსო", ვინმე ხომ არ შეაშინა, არავის ერჩის, დიდია, უბრალოდ საშიშად გამოიყურება და ზოგჯერ იპარება.
გავაღე კარი და სამი პოლიციელი, რამოდენიმე იქეთ პერიმეტრს აკონტროლებს, ძილბურანში ვალაგებ ვარიანტებს, ჩხრეკაა, ავყავარ, აუ ისევ იმ "ნარებზე" რა დაწვება ციხეში გვერდები რომ მქონდა გაბრტყელებული, რამდენი წელი ვერ ვნახავ ცოლ-შვილს და უცებ გააძრეს ოქმი: ბატონო ნიკოლოზ, 5 000 ლარით ხართ დაჯარიმებული და რომ ჩაიბარეთ, დავაფიქსიროთ და 10 დღე გაქვთ გასაჩივრებისთვისო.
ორი საქმეზე 27-ში მაქვს სასამართლო იგივე გზის გადაკეტვაზე კიდევ.
აი, სირაძის მიმართვა აღასრულა შსს-მ და აწი სასამართლოსაც აღარ შეაწუხებენ, თვითონ შსს გაგვასამართლებს და ამ საკითხშიც პირველობას ხომ არ ჩამომართმევდნენ, გახსნეს სეზონი შსს გვიჭერს, ბრალს გვდებს და "გვასამართლებს" კიდეც, რამდენი სერვისი აქვთ ხედავთ? ვახ! უცებ ფილმ მონანიებაში მეგონა თავი, კარებზე ბრახუნი უბედურებას რომ ნიშნავს, ვნახოთ, ხვალ, ზეგ რაზე დააბრახუნებენ, ის კი იციან, რომ ციხიდან უფრო ამაყი გამოვედი და გამოვალ.დღეს უფრო მეტნი უნდა ვიყოთ რუსთაველზე", - წერს ნარსია.
გუშინ, 8 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სანქცირებულმა დირექტორმა, ვაჟა სირაძემ, მისივე მინისტრს, მაგნიტსკის სიით სანქცირებულ გომელაურს მიმართა, "სამართლებრივი დახმარების მიზნით", თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს 600-მდე "სამართალდარღვევაზე" რეაგირება.