ციხის ექიმმა, რომლის განყოფილებაშიც ალექსეი ნავალნი დაიღუპა, "ქალაქის სიამაყის" ჯილდო მიიღო. რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, იამალო-ნენების ავტონომიური ოლქის დაბა ხარპში მდებარე სასჯელაღსრულების კოლონიის სამედიცინო განყოფილების ხელმძღვანელმა ალექსეი ლისიუკმა ჯილდო უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერისთვის მიიღო. ჯილდო მას ქალაქ ლაბიტნანგის მერმა გადასცა
ლისიუკის სახელი ფიგურირებს ალექსეი ნავალნის გარდაცვალების საქმეზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის გადაწყვეტილებაში.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული დასკვნის მეორე ვერსიის მიხედვით, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ნავალნის მოწამვლის სიმპტომები დაუდგინდა. თუმცა ეს ინფორმაცია მოგვიანებით უფროსმა გამომძიებელმა ამოიღო დოკუმენტიდან.
2024 წლის მაისში ლისიუკი შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა დაასანქცირა. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ექიმმა უგულებელყო ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობა და არ უზრუნველყო რეანიმაციული ღონისძიებები, რამაც პოლიტიკოსის გარდაცვალება გამოიწვია.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი პატიმრობის მესამე წელს 2024 წლის 16 თებერვალს კოლონიაში გარდაიცვალა. უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით ციხეში ყოფნის დროს მისი ჯანმრთელობა მუდმივად საფრთხეში იყო და სასჯელის მოხდის პირობები რიგ შემთხვევაში წამებას უთანაბრდებოდა.