ოფიციალურმა ბაქომ რუსი დეპუტატი ნიკოლაი ვალუევი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მიზეზი აზერბაიჯანული დიასპორის საქმიანობის გამოძიებასთან დაკავშირებით ვალუევის მოწოდება და მუქარა გახდა.
"რუსეთის ფედერაციის ფედერალური ასამბლეის სახელმწიფო დუმის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნიკოლაი ვალუევის შეურაცხმყოფელი განცხადებები აზერბაიჯანისა და ჩვენი ხალხის მიმართ, აბსოლუტურად მიუღებელია. ისევე როგორც მისი მუქარის განცხადებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. მისი სახელი შეტანილია იმ პირთა სიაში, რომელთაც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში შესვლა აკრძალული აქვთ," - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა აიჰან ჰაჯიზადემ.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა შეატყობინა რუსეთს ქვეყანაში "როსოტრუდნიჩესტვოს "(რუსული საინფორმაციო და კულტურული ცენტრის) წარმომადგენლობის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ, ვალუევმა ბაქოს გადაწყვეტილება გააკრიტიკა.
"რით არ მოეწონათ "როსსოტრუდნიჩესტვო"? ეს ყველაფერი "ხალხის მეგობრობის", გავლენის სფეროების და პანთურქიზმის გამოა. შეშფოთება, ასე ვთქვათ, ურთიერთობის სისუფთავეზე. როგორც ვიცით, რუსეთში არ არსებობს ისეთი სტრუქტურა, როგორიც არის "აზერსოტრუდნიჩესტვო". მაგრამ არსებობს უამრავი "დიასპორა". და ეს დიასპორები არ ეხება კულტურულ გაცვლას. უფრო ფულს. დიდ ფულს. უკიდურესად აუცილებელია არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ისტორიულ სამშობლოშიც. ეს ფული ლეგალური ხშირად არაა, მსუბუქად რომ ვთქვათ. ხომ არ არის დრო ამას უფრო დაკვირვებით მივხედოთ, დიასპორას რა თქმა უნდა" - წერს ვალუევი. (სტილი დაცულია)
მოგვიანებით მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ "რუსეთის აღმოსავლეთ და აზიურ მეზობლებში დათმობა სისუსტედ აღიქმება". მისი აზრით, მათი გავლენის სფეროებს რუსეთში წარმოადგენენ "დიასპორები, რომლებიც ხშირად საკმაოდ არაფორმალურ წარმონაქმნები არიან შესაძლებლობებისა და გავრცელების ფართო სპექტრით."
ვალუევის თქმით, რუსეთის ხელისუფლების მიერ მშვიდად და ხმაურის გარეშე "უნდა მოხდეს ამ ბანდის კანონის საცერში გატარება და იქ აღმოჩნდება, როგორც არალეგალური მიგრაცია, ისე გადასახადებისგან თავის არიდება, რეკეტი და სხვა საინტერესო ამბები“
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ ნიკოლაი ვალუევი არ არის სახელმწიფო დუმის პირველი დეპუტატი, რომელსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.
აიჰან ჰაჯიზადეს თქმით, პერსონა ნონ გრატად ადრე გამოცხადდნენ სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინი და ოჯახის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვიტალი მილონოვი, რომლებიც "აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ" გამოვიდნენ.
"სამწუხაროდ უნდა განვაცხადოთ, რომ ყველა ეს დეპუტატი, ვინც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ისაუბრა, არის რუსული მმართველი პარტიის "ერთიანი რუსეთის" წევრი", - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა.
გასული წლის ბოლოს, 25 დეკემბერს, აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავის ყაზახეთში ავიაკატასტროფის შემდეგ, რომელიც ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა და რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემამ ჩამოაგდო, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გაამკაცრა მიგრაციის წესები რუსეთში მუდმივად მცხოვრები რუსებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის. მათ აზერბაიჯანში უვიზოდ ყოფნა წელიწადში მხოლოდ 90 დღემდე შეუძლიათ. ეს წესი ძალაში 2025 წლიდან შევიდა.