ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძის ინფორმაციით, EPP-ის რეზოლუციის პროექტის სამუშაო ვერსიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილია და ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა მოთხოვნილი.
გარდა ამისა, სამუშაო ვერსიის თანახმად, EPP მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დააწესოს ინდივიდუალური სანქციები - ბიძინა ივანიშვილის, კახა კალაძის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის და სხვა პასუხისმგებელი პირების მიმართ.
როგორც ნუცუბიძე წერს, დოკუმენტი, რომელიც მას მიაწოდეს, 16-პუნქტიანია.
"EPP მიესალმება ევროკავშირის გადაწყვეტილებას ვიზა ფასილიტაციის შეჩერებაზე დიპლომატიურ და სამსახურებრივ პასპორტებზე, EPP მოუწოდებს უპირობოდ და რაც შეიძლება სწრაფად, გაათავისუფლონ პატიმრები, მოუწოდებს ევროკომისიას 120 მილიონი ევრო გადამისამართდეს არასამთავრობო სექტორზე და მედიაზე. მე-6 პუნქტში მზია ამაღლობელის ქეისია. შეგახსენებთ, რომ ეს არის EPP-ს, ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფის რეზოლუციის დრაფტი! კენჭისყრაზე გავა შეჯერებული, ერთიანი (joint motion for resolution). ვნახოთ, რა პუნქტები გადავა ერთიან დოკუმენტში EPP-ს დრაფტიდან", - წერს ნუცუბიძე და მე-6 პუნქტსაც ასაჯაროებს.
გამოქვეყნებულ მე-6 პუნქტში, საუბარია ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე, გიორგი გახარიას თავდასხმაზე, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას დაკავებაზე, ასევე ახალ რეპრესიულ კანონებზე.
"EPP კატეგორიულად გმობს საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს; ითხოვს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც უკვე 4 კვირაზე მეტია უსამართლო პატიმრობის გამო შიმშილობს და სიცოცხლისთვის კრიტიკული და შეუქცევადი შედეგების წინაშე დგას; გმობს ყოფილ პრემიერმინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას და ცემას, ამას მოჰყვა ისეთი პოლიტიკური ლიდერების დაკავება, როგორებიც არიან ნიკა მელია და გიგი უგულავა, როგორც "ქართული ოცნების" და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ძალადობის შოკისმომგვრელი ესკალაცია; მოითხოვს თვითგამოცხადებული "პარლამენტის" მიერ ახლახან მიღებული რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას, რომელიც ზღუდავს შეკრების თავისუფლებას და თრგუნავს მშვიდობიანი განსხვავებული აზრის არსებობას", - წერია სამუშაო ვერსიის ერთ-ერთ პუნქტში, რომელსაც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.