დაუწესდეთ სანქციები ივანიშვილს, კობახიძეს, კალაძეს, პაპუაშვილსა და ღარიბაშვილს, ჩატარდეს ახალი არჩევნები, გათავისუფლდნენ დაკავებულები | ევროპელი რეფორმისტებისა და კონსერვატორების ჯგუფის რეზოლუციის დრაფტი

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" ევროპელი რეფორმისტებისა და კონსერვატორების ჯგუფის საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციის სამუშაო ვერსია მოიპოვა, რომლის თანახმადაც ჯგუფი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ჩატარებული "ბოლო არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და პროცესი იყო დაზიანებული ხმების ფართო მანიპულირებით, მათ შორის მრავალჯერადი ხმის მიცემით და ხმის ფარულობის არარსებობით, ამომრჩეველთა დაშინებით, ხმების მოსყიდვით და სერიოზული დარღვევებით".

ECR მოითხოვს "დაუყოვნებლივ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოში". ჯგუფის აღნიშნავს, რომ არჩევნების უნდა ჩატარდეს "საერთაშორისო ორგანოების, მათ შორის ევროკავშირის, ეუთო/ოდირის და სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების სრული და გამჭვირვალე ზედამხედველობის ქვეშ, რათა აღდგეს ლეგიტიმური მმართველობა და დაიცვან ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები".

რეზოლუციის დრაფტში ასევე დაგმობილია "ქართული ოცნების" მიერ მიღებული დრაკონული კანონები, "რომელიც აწესებს დაუსაბუთებელ შეზღუდვებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე".

ამასთან, რეზოლუციის სამუშაო ვერსიის თანახმად, ევროპელი რეფორმისტებისა და კონსერვატორების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის, შალვა პაპუაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის სანქცირებას ითხოვს. 

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს რეპრესიული კანონები და გაათავისუფლოს ყველა პოლიტპატიმარი, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი; ვიმეორებთ მოწოდებას საბჭოსა და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, რომ დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციები დაუწესონ ბიძინა ივანიშვილს და მისი აქტივები ევროკავშირში გაიყინოს, მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში და ქვეყნის კონსტიტუციურად გამოცხადებული ინტერესების წინააღმდეგ, მათ შორის რუსეთის გავლენის აღდგენის მცდელობისთვის; მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, დააწესონ პერსონალური სანქციები საქართველოში იმ ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, მათ შორის, ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს კახა კალაძეს, შალვა პაპუაშვილს და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი ღარიბაშვილს და გააფართოონ ეს სანქციები მოსამართლეებზე", - წერია სამუშაო ვერსიაში.

გარდა ამისა, ECR ითხოვს დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას პოლიციის სისასტიკისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ. ევროპელი რეფორმისტებისა და კონსერვატორების ჯგუფი ქართველ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს. 

"გმობს "ქართული ოცნების" პარტიის წარმომადგენლების მზარდ ანტიდასავლურ და მტრულ რიტორიკას საქართველოს სტრატეგიული დასავლელი პარტნიორების, მათ შორის შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ევროპარლამენტის წევრებისა და ოფიციალური პირების მიმართ, და რუსული დეზინფორმაციისა და მანიპულაციის ხელშეწყობას;

შეშფოთებულია "ქართული ოცნების" მთავრობის მკაფიო თანხვედრით კრემლის მიერ მხარდაჭერილ ნარატივებთან, მისი მზარდი ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირებით რუსეთთან და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზანმიმართული დაბრკოლებით, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციურ და სტრატეგიულ პრიორიტეტებს; გმობს რუსეთთან სავაჭრო კავშირების გაძლიერებას და უარს მოსკოვზე სანქციების დაწესებაზე, მიუხედავად მისი მცოცავი ოკუპაციისა და უკრაინის წინააღმდეგ მიმართული აგრესიის მიუხედავად;

მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, ოფიციალურად შეაფასოს საქართველოს დემოკრატიული დაცემის შედეგები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე და განაპიროს მომავალი გაწევრიანების მოლაპარაკებები დემოკრატიული მმართველობის, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის სრული აღდგენით; მოუწოდებს შეაჩეროს ყველა შეღავათიანი სავაჭრო ხელშეკრულება და ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობისთვის, თუ ის გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას...", - წერია დრაფტში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი