"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრის, რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ადვოკატის ინფორმაციით, აღარ არსებობს იზოლატორის კამერების ჩანაწერები, სადაც სხვიტარიძეზე ძალადობაა დაფიქსირებული:
"მე მზად ვარ დღესვე უდავოდ გავხადო მთელი საქმე იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვთვლით, რომ გამოძიების ნაწილში წარმოდგენილი ჩვენი მტკიცებულებები არის სანდო, ხოლო ბრალდების მხარის მტკიცებულებები არის არასანდო. მე მივმართე ბრალდების მხარეს სხდომაზე, რომ ახლავე თუ გამიხდით უდავოდ ჩემ მტკიცებულებებს, მე მზად ვარ არცერთი შეკითხვა არ დავუსვა პოლიციელს იქიდან გამომდინარე, რომ მათი ჩვენებები უკვე ყალბია და უკვე ფალსიფიცირებულია და ამისი დადგენა ჩვენი ვიდეოჩანაწერებით და მტკიცებულებებით შესაძლებელია.
რაც შეეხება იზოლატორის კამერებს, ჩვენ ამის ამოღების უფლება არ გვაქვს, დაცვის მხარეს, ვინაიდან იქ მხარეს არ წარმოვადგენთ, ამაზე უნდა იზრუნოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ვიდეოჩანაწერები უკვე აღარ არსებობს, არც მაშინ არ არსებობდა და არც ერთხელ არ ყოფილა შემთხვევა, რომ ძალადობის კადრები პოლიციის შენობაში, პოლიციის ვიდეოკამერას გადაეღოს," - თქვა ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილი დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
საბა სხვიტარიძემ კი დღევანდელ პროცესზე კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიციის მხრიდან ძალადობასა და წამებაზე, რომელიც მისი დაკავების შემდეგ, თბილისის მთავარ სამმართველოში განხორციელდა.
დღეს საბა სხვიტარიძის საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. სხვიტარიძეს ედავებიან" ქორთიარდ მერიოტთან" პოლიციელზე თავდასხმას. სინამდვილეში კი, სასტუმროსთან ნიღბიანი და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი პირები გინებით და მუშტებით დაესხნენ თავს ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ქალებს, რა დროსაც სხვიტარიძემ მისი თანმხლები პირების დაცვა და აგრესიის მოგერიება სცადა.