"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები, ნიკა გვარამია და ზურაბ ჯაფარიძე ევროპარლამენტის სესიას დაესწრებიან. ისინი სტრასბურგში, პარტნიორებთან შეხვედრებს მართავენ და მათთან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მსჯელობენ. კერძოდ, კოალიციის ლიდერები პარტნიორებს დეტალურ მტკიცებულებებს წარუდგენენ - როგორ ძალადობს რეჟიმი კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებზე.
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერები პარტნიორებთან განიხილავენ იმ გზებს, რომლითაც ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნა უნდა შესრულდეს - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის პატიმრები.
"ჩვენი ფუნქცია აქ არის ის, რომ გვთხოვეს ჩამოვსულიყავით და მოესმინათ პირადად ჩვენგან, ჩვენ როგორ ვაფასებთ არსებულ სიტუაციას და რაში ვხედავთ გამოსავალს, მათ შორის ჩამოტანილი გვაქვს სხვადასხვა ტიპის მასალები, ჩვენს მიერ მომზადებული, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული - ეს ეხება წამების ფაქტებს, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტებს. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ მოვუყვეთ ჩვენ როგორ ვუყურებთ სიტუაციას, ჩვენი აზრით რაში არის გამოსავალი - დანარჩენი ამ პოლიტიკური ჯგუფების გადასაწყვეტია", - განაცხადა ჯაფარიძემ.