თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის პატიმრის ანრი კვარაცხელიას სასამართლო პროცესი იმართება. პროკურატურა მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება და ამტკიცებს, რომ მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. კვარაცხელიას ადვოკატის თქმით, ბრალდება ეყრდნობა ვიდეომტკიცებულებას, რომელშიც საერთოდ არ აღიქმება ვინ პირი, რომელიც ჩანს:
"არც ერთი პირი, არც ერთი პოლიციელი , მათ შორის დაკითხული, არ მიუთითებს, რომ მოლოტოვის კოქტეილი ვინც ისროლა და პირი, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ჩანს, ეს არის ანზორ კვარაცხელია. არ არსებობს ამოცნობის ოქმი და პირდაპირი ჩვენება. საქმეში არის ერთადერთი ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა, რომელსაც ვუწოდებ მიკერძოებულს, გამომდინარე იმ მოცემულობიდან, რომ ვიდეოჩანაწერში საერთოდ არ ჩანს პირის იერსახე. პირს, რომელიც ისვრის მოლოტოვის კოქტეილს ახურავს ე.წ. შლემიანი ქუდი და არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი პირის, ამ ვიდეოში არ ჩანს და აღნიშნულ ვიდეოზე ექსპერტს უწერია, რომ ეს არის ანრი კვარაცხელია" განაცხადა სასამართლო სხდომის დაწყებამდე კვარაცხელიას ადვოკატმა.
25 წლის ანზორ [ანრი] კვარაცხელია 5 დეკემბერს, საკუთარ სახლში, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც "პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს".
კვარაცხელიას მეუღლემ "რადიო თავისუფლებასთან" ქმრის დაკავების დეტალებსა და პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა. ნუცა ერემიანის თქმით, ამ სტრესის ფონზე, მას მუცელი მოეშალა.