"არ ვცნობთ გაყალბებულ არჩევნებს, ბოიკოტი გამოვუცხადოთ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, დავასანქციროთ დემოკრატიულ უკუსვლაზე პასუხისმგებელი პირები" | ევროპარლამენტის ერთობლივი რეზოლუციის სამუშაო ვერსია

გამოქვეყნდა:

"მთავარმა არხმა" რეზოლუციის პროექტი მოიპოვა, რომელსაც ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან. სულ დოკუმენტი 28-პუნქტიანია. ერთობლივი რეზოლუციის სამუშაო ვერსიის თანახმად, ევროპელი პოლიტიკოსები გმობენ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და "ქართულ ოცნებას" ე.წ. ხელისუფლებად მოიხსენიებენ.

დოკუმენტის სამუშაო ვერსიით, ისინი ოლიგარქის პარტიას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ძალადობრივი რეპრესიები მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების მიმართ. ასევე, დრაფტში ხაზგასმულია, რომ "საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება ამჟამად არღვევს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ადამიანის ძირითად უფლებებს და ქვეყნის ძირითად საერთაშორისო ვალდებულებებს, რითაც ძირს უთხრის ათწლეულების განმავლობაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელსაც ახორციელებს ქვეყნის პოლიტიკური კლასი და სამოქალაქო საზოგადოება".

ტექსტში ასევე ვკითხულობთ, რომ საქართველო განიხილება, როგორ "ქართული ოცნების" უკანონო რეჟიმის მიერ დატყვევებული სახელმწიფო. ევროპელი პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ იმეორებენ თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებებისადმი.

"არ ვცნობთ 2024 წლის 26 ოქტომბრის გაყალბებული არჩევნების შემდეგ "ქართული ოცნების" თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, რომელიც არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, ჩატარდა დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით და არ ასახავდა საქართველოს ხალხის ნებას; ხაზს უსვამს, რომ ფართომასშტაბიანმა საარჩევნო გაყალბებამ შეარყია საარჩევნო პროცესის მთლიანობა, შედეგის ლეგიტიმურობა და ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნდობა ნებისმიერი ახალი ხელისუფლების მიმართ; მოვუწოდებთ ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს, ეროვნულ პარლამენტებსა და საპარლამენტთაშორისო ინსტიტუტებს არ აღიარონ "ქართული ოცნების" ერთპარტიული პარლამენტისა და მათი დანიშნული პრეზიდენტის ლეგიტიმაცია; ამიტომ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შეუერთდეს საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლების ბოიკოტს", - წერია ერთობლივ დოკუმენტში.

გარდა ამისა, ერთობლივ სამუშაო ვერსიაში, სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად და პრეზიდენტად არის მოხსენიებული. რეზოლუციის დრაფტში აღნიშნულია, რომ საქართველოში არსებული პოლიტიკური და კონსტიტუციური კრიზისის დარეგულირება შესაძლებელია მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების გზით - ასევე ისმის მოწოდება წევრი სახელმწიფოებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების მიმართ, მკაცრად მოითხოვონ ახალი არჩევნები.

ერთობლივ დოკუმენტში, ისევ არის საუბარი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის და "ქართული ოცნების" სხვა მაღალჩინოსნების მიმართ სანქციების დაწესებაზე.

"მოვუწოდებთ საბჭოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, დაუყოვნებლივ დააწესონ მიზანმიმართული პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახისა და მისი კომპანიების წინააღმდეგ, ასევე გაყინონ მისი მთელი ქონება ევროკავშირის ფარგლებში. მოვუწოდებთ საფრანგეთის მთავრობას, ჩამოართვას ბიძინა ივანიშვილს ღირსების ლეგიონის ორდენი და დააწესოს ინდივიდუალური სანქციები", - წერია დრაფტში.

მოთხოვნილია სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების და პოლიტიკური ლიდერების მისამართით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტების და აქტივისტების დევნაზე - ამ კონტექსტში ჩამოთვლილია შემდეგი სახელები: ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე სანქციებს ითხოვენ მოსამართლეების და პროპაგანდისტული მედიების ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რადგან "დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობენ ხელს" - ჩამონათვალში არიან: Imedi TV, Post TV and Rustavi 2 TV.

გარდა ამისა, რეზოლუციის სამუშაო ვერსიაში სანქციების დაწესებას ითხოვენ: ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის. სიაში ასევე არიან: შმაგი კობახიძე, უჩა მამაცაშვილი, სებ-ის პრეზიდენტი, ნათია თურნავა, ბიზნესმენები - ივანე ჩხარტიშვილი სულხან პაპაშვილი, გიორგი კაპანაძე, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, თორნიკე რიჟვაძე, ილია წულაია, კახა ბექაური, ლაშა ნაცვლიშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გრიგოლ ლილუაშვილი, მოსამართლეები - მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, "იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, თინათინ ბერძენიშვილი, "აირზენას" დამფუძნებელს, თამაზ გაიაშვილი, ანტონ ობოლაშვილი და გოჩა ენუქიძე.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის მიერ აქამდე მიღებული ზომები დემოკრატიის აშკარა უკუსვლისა და წინა ვალდებულებების უგულებელყოფის საპასუხოდ ჯერ კიდევ არ ასახავს საქართველოში არსებული სიტუაციის სიმძიმეს და ბოლო მოვლენებს.

სამუშაო ვერსიის პროექტში დაგმობილია, "ქართული ოცნების" მიერ ამოქმედებული დრაკონული კანონები, "რომლებიც აწესებენ დაუსაბუთებელ შეზღუდვებს გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე" და ითხოვენ ბოლო დროს მიღებული ასეთი რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმებას. საუბარია ასევე რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზე.

"კატეგორიულად ვგმობთ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობასა და რეპრესიებს; მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და ანტისამთავრობო აქციების დროს დაკავებული პირი; ვითხოვთ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც უკვე 4 კვირაზე მეტია უსამართლო პატიმრობის გამო შიმშილობს და სიცოცხლისთვის კრიტიკული და შეუქცევადი შედეგების წინაშე დგას; ვგმობთ ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიაზე თავდასხმას; ასევე პოლიტიკური ლიდერების ელენე ხოშტარიას, ნიკა მელიასა და გიგი უგულავას დაკავებას...

მტკიცედ ვიმეორებთ გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული ნიშნით, კონკრეტულად საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით; ხაზს ვუსვამთ, რომ პასუხისმგებლობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე ეკისრება თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას", - ვკითხულობთ დოკუმენტში

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი