"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი რეპრესიული ცვლილებების შესახებ განცხადება გააკეთეს და მოქალაქეებს მოუწოდეს მაშინვე არ გადაიხადონ პატრულის მიერ დაწერილი ჯარიმები და გაასაჩივრონ ისინი სასამართლოში, ვინაიდან გასაჩივრება პროცესს აფერხებს და სისტემას ტვირთავს.
გიგა ლემონჯავას განცხადებით, "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრებმა გასაჩივრებისთვის საჭირო იურიდიული დოკუმენტაცია მოამზადეს და ისინი მზად არიან მოქალაქეებს შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციით დაეხმარონ.
"დღევანდელ ბრიფინგზე მინდა მოვუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, მონაწილეობს შეკრება-მანიფესტაციებში და დემონსტრაციებში, რომ არ გადაიხადონ პატრულის ჯარიმები, გაასაჩივრეთ. გაასაჩივრეთ არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სასამართლოში რაიმე სამართლიანობის მიღწევის იმედი, ან მათ ლეგიტიმურობას ვაღიარებთ, გაასაჩივრეთ იმიტომ, რომ არსებობს სისტემაში ბზარი, სისუსტე რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ.
როგორც იცით, პირველ თებერვალს ვაჟა სირაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, შესაბამისი პატაკით მიმართა გომელაურს, სადაც ის მიუთითებდა პრობლემაზე, რომ მათ უჭირთ უკვე ამდენ ჯარიმაზე სამართლებრივი რეაგირება და ამის შემდეგ, მყისიერად უკვე სამ რიცხვში დაიინიცირდა შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში, ხოლო შვიდ რიცხვში შევიდა ძალაში. ეს ცვლილებები ძირითადად ეხება გზის გადაკეტვის პროცესს, ეხება ნიღბის ტარების უფლებას დემონსტრაციების მიმდინარეობისას და ასევე ეხება პიროტექნიკის გამოყენებას.
არ გადაიხადოთ ეს პატრულის ჯარიმები, გაასაჩივრეთ ეს ჯარიმები იმიტომ, რომ ერთი გასაჩივრება აჩერებს პროცესს, ანუ თქვენ არ მოგიწევთ გასაჩივრების პერიოდში ჯარიმის გადახდა, რომელიც არის უკანონო. მეორე, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავტვირთოთ სისტემა მაქსიმალურად. ეს პატაკი და ზოგადად მათი ეს ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში მიუთითებს, რომ ადამიანების შესაშინებლად მოფიქრებული ჯარიმები გახდა პრობლემა თავად რეპრესიული სისტემისთვის ამიტომ ჩვენ უნდა დავტვირთოთ მაქსიმალურად რეპრესიული რეჟიმი, დავტვირთოთ შსს, დავტვირთოთ სასამართლო. შეგახსენებთ, რომ სულ არის 6 მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ უკანონო ჯარიმებს. ჩვენ უნდა რაც შეიძლება მეტი საჩივარი შევიტანოთ, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს ბზარი, რომელიც შეიქმნა რეპრესიულ სისტემაში.
გასაჩივრებით თქვენ ასევე დაიცავთ სხვა ადამიანებს იმიტომ, რომ რაც უფრო ნაკლები დრო, რაც უფრო ნაკლები რესურსი ექნება რეპრესიულ სისტემას რომ განიხილოს ჩვენი ჯარიმები, მით ნაკლები დრო და რესურსი დარჩება სხვა ადამიანების დასაჯარიმებლად. ამიტომ ეს გასაჩივრების პროცესი გახდება სხვა ადამიანების დაცვის მექანიზმი.
ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს ე.წ. უკანონო ჯარიმები, რომლებიც მოიფიქრა შსს-მ და რეპრესიულმა სისტემამ არის ერთის მხრივ უკანონო, მაგრამ მეორე მხრივ მათ ჰქონდათ იმედი, რომ ამ ყველაფრით შეაშინებდნენ ადამიანებს, ამ ყველაფრით შეაჩერებდნენ პროცესს, სინამდვილეში ყველაფერი მოტრიალდა აბსოლუტურად საპირისპიროდ. ეს ჯარიმები გახდა პრობლემა მათთვის, ისინი ვერ ერევიან ამ რაოდენობით სამართალწარმოებას, ამიტომ მოგიწოდებთ ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით, ასევე სხვა ნებისმიერი უკანონო ადმინისტრაციული ჯარიმა არ გადაიხადოთ მყისიერად, გაასაჩივრეთ, რითაც დაეხმარებით სხვებს და რითაც გავზრდით ამ ბზარს, რომელიც არის ამ რეპრესიულ სისტემაში," - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ.