ავსტრიაში საქართველოს მოქალაქე არალეგალური კოსმეტიკური ოპერაციის ჩატარების გამო დააკავეს | პაციენტი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

ავსტრიაში საქართველოს 35 წლის მოქალაქე არალეგალური კოსმეტიკური ოპერაციის გამო დააკავეს. მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ საქართველოში პრაქტიკოსი ქირურგი იყო, სავარაუდოდ, ნიკაპის აწევისა ან ნაოჭების გადაჭიმვის ოპერაციას 58 წლის ქალს ვენის ცენტრალურ უბანში, ნაქირავებ ბინაში უკეთებდა. ოპერაციისას პლასტიკურმა ქირურგმა  ქალს კანი კისრის, ყურებისა და ნიკაპის  არეში გაუჭრა თუმცა ოპერაციის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ქალს ძლიერი სისხლდენა და სუნთქვის გაძნელება დაეწყო, მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ ქალის თანმხლებმა პირმა სასწრაფო გამოიძახა. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა 58 წლის ქალს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მოგვიანებით სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. ქალის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიციაც.

ავსტრიელმა სამართალდამცავებმა შენობის ჩხრეკისას არა მხოლოდ ქირურგიული ინსტრუმენტები, სამედიცინო აღჭურვილობა, და პროფესიონალური სადეზინფექციო და სტერილიზაციის მოწყობილობები აღმოაჩინეს, არამედ ფასების სია და საინფორმაციო მასალა პროცედურების შესახებ.

ავსტრიული მედიის ცნობით, მოყვარული ქირურგი ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. 35 წლის მამაკაცი სხეულის მძიმე დაზიანების ბრალდებით არის დაკავებული. პოლიციის განცხადებით მას ავსტრიაში სამედიცინო პრაქტიკის ლიცენზია არ აღმოაჩნდა, ავსტრიელი სამართალდამცავები ამოწმებენ მის განცხადებებს საქართველოში ქირურგიულ საქმიანობასთან დაკავშირებით

ბინა, სადაც კოსმეტიკური ოპერაციები ტარდებოდა, ეჭვმიტანილს ახლობელმა, ასევე ქართველმა ონლაინპლატფორმაზე უქირავა, რომელიც მას საქართველოში სამედიცინო სფეროდან იცნობს. პოლიციის ცნობით, მისი როლი ჯერჯერობით გაურკვეველია.

საქართველოს 35 წლის მოქალაქე ამ დროისთვის საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფება.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი