მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ მუშაობა დაიწყო. მას სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი დაესწრება. კონფერენციაში მონაწილეობს დელეგაცია აშშ-დანაც.
სამი დღის განმავლობაში გაიმართება მაღალი დონის დებატები მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მათი მოგვარების გზებზე.
დღეს პანელური დისკუსია დაეთმობა საქართველოსაც, სადაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი და დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხებს. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. სალომე ზურაბიშვილი უკვე გერმანიაშია:
"წინ მნიშვნელოვანი დისკუსიები გველის საქართველოს ევროპულ მომავალსა და უსაფრთხოებაზე. თვალყური ადევნეთ!" - წერს ის X-ზე.
ზურაბიშვილი ცოტა ხნის წინ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანდრეი სიბიგას ესაუბრა.
პრეზიდენტი ევროპოლის აღმასრულებელ დირექტორს, კეტრინ დე ბოლს შეხვდა.
შეხვედრისას განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებს და მათ შორის, ოფშორების კანონს.
აღინიშნა, რომ ვითარება საფრთხეს უქმნის საქართველოს ძალოვან სტრუქტურებთან ევროპოლის ტრადიციულ თანამშრომლობას.
შეხვედრა შედგა ლატვიის პრეზიდენტთან, ედგარ რინკევიჩთანაც.
საქართველოდან მიუნხენის კონფერენციას ესწრება გიორგი გახარიაც. რაც შეეხება "ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლებს, ისინი იქ არავის მიუწვევია.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე