ერევნისა და ბაქოს ერთადერთი საერთო პოზიცია: სამშვიდობო მოლაპარაკებების ნიადაგს ვერცერთი მხარე ვერ ხედავს

გამოქვეყნდა:

ერევანი ვერ ხედავს აზრს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, როდესაც აზერბაიჯანის მხრიდან წინასწარ დაგეგმილი მასშტაბური თავდასხმები ხდება - ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ამ ეტაპზე პრიორიტეტი არის ის, რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები და აღდგეს სტატუს ქვო, რომელიც 1994-95 წლებში დადგინდა სამმხრივი მოლაპარაკებების საფუძველზე, აცხადებს საგარეო უწყების პრესმდივანი.

ამავე პოზიციაზეა ოფიციალური ბაქო, რომელიც ერევანს კონფლიქტის გაღვივებასა და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმაში ადანაშაულებს. მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში საგარეო საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა ჰიკმატ ჰაჯიევმა აღნიშნა, რომ ამჟამად სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ნიადაგი შექმნილი არ არის:

როგორც ყველამ იცის, სომხეთმა ძალის გამოყენებით მოახდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, მთიანი ყარაბახისა და მიმდებარე შვიდი რაიონის ოკუპაცია. აზერბაიჯანი 30 წლის განმავლობაში მონაწილეობდა მოლაპარაკებებში, მაგრამ ამან არანაირი შედეგი არ მოიტანა. 27 სექტემბერს ჩვენ სომხების მხრიდან კიდევ ერთი პროვოკაცია დავინახეთ, როდესაც ისინი აზერბაიჯანელ მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს. ამიტომ, აზერბაიჯანი იძულებული იყო მიეღო საპასუხო ზომები და შეეჩერებინა სომხეთის შეტევა აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, დავიცვათ აზერბაიჯანელი მოსახლეობა და გავანთავისუფლოთ აზერბაიჯანული მიწები ოკუპაციისგან. იმედი გვაქვს, რომ გაეროს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს სომხეთის ჯარების დაუყოვნებლივ და უპირობო გაყვანას აზერბაიჯანის ტერიტორიიდან, შესრულებული იქნება. ამის შემდეგ, ჩვენ გვექნება მდგრადი სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში. 
დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოლაპარაკების ცენტრის თბილისში შესაძლო გადმოტანასთან დაკავშირებით ჰიკმატ ჰაჯიევი აცხადებს, რომ საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლა ყოვერლთვის ძალიან სსიამოვნოა, მაგრამ აზერბაიჯანი ახლა არაა მზად, სამშვიდობო მოლაპარაკებები გამართოს სომხეთთან:
ყოველთვის სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა და ულამაზესი თბილისის მონახიულება და ჩვენ ასევე ვაფასებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას, თუმცა დღესდღეობით ჩვენ არა ვართ იმ მდგომარეობაში, რომ სომხურ მხარესთან რაიმე სახის შეხვედრა გავმართოთ. სიტუაცია დაძაბულია და ესკალაცია სომხურმა მხარემ მოახდინა. ისინი ყოველდღიურად ესხმიან თავს აზერბაიჯანელ მოსახლეობას და დღეს კიდევ ერთი აზერბაიჯანელი მოქალაქე მოკლეს. მთლიანობაში ჩვენი მხრიდან 19 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, 55 კი დაშავებული. ისინი მძიმე არტილერიას იყენებენ აზერბაიჯანულ ქალაქებზე თავდასხმისთვის. ასე რომ, ახლა სომხეთისა და აზერბაიჯანის მხარეების შეხვედრისთვის ნიადაგი მზად არ არის, ამბობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი "მთავართან"ინტერვიუში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი