თუ საკუთარი მომავლის შესახებ მოლაპარაკებებს მიღმა დავრჩებით, ყველა წავაგებთ...ეს პუტინის თამაშია; ის შეეცდება, აშშ-ის პრეზიდენტი 9 მაისს წითელ მოედანზე დადგეს, როგორც მისი სათამაშო | ზელენსკი ევროპას

გამოქვეყნდა:

წელს, მიუნხენის წინა ღამეს, რუსული თვითმფრინავი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის განადგურებულ მეოთხე რეაქტორის სარკოფაგს დაეჯახა.

ეს იყო მოდიფიცირებული შაჰიდი, რუსული დრონი, რომლის წარმოების ტექნოლოგია ირანმა რუსეთს გადასცა. მისი ქობინი სულ მცირე 50 კილოგრამ ასაფეთქებელ ნივთიერებას ატარებდა.

ჩვენ ამას ვხედავთ, როგორც უკიდურესად სიმბოლურ ნაბიჯს რუსეთის მხრიდან, პუტინის მხრიდან... - ასე დაიწყო საკუთარი გამოსვლა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

უკრაინის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა რუსულ საფრთხეზე, რომელიც ამჯერად უკრაინასა და მთლიანად ევროპას, შესაძლოა ბელარუსიდან დაემუქროს. ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერებს შეახსენა, რომ ბელარუსი ნატოს სამ ქვეყანას ესაზღვრება და რომ რუსეთმა ის საკუთარ სამხედრო პლაცდარმად აქცია. მისივე თქმით, რუსეთს არ სურს მშვიდობა:  

ეს არის რუსეთის პოზიცია. ქვეყანას, რომელიც ასე ურტყამს, არ უნდა მშვიდობა. ის არ ემზადება დიალოგისთვის - აღნიშნა ზელენსკიმ.

"წელს მოსკოვი 15 ახალი დივიზიის შექმნას გეგმავს, რაც 150 000 ჯარისკაცამდე გაიზრდება. ეს უფრო მეტია, ვიდრე ევროპის ქვეყნების უმრავლესობის ეროვნული არმიები.

რუსეთი ყოველ კვირას ხსნის ახალ გაწვევის პუნქტებს და პუტინს აქვს ამის საშუალება - ნავთობის ფასები ჯერ კიდევ საკმარისად მაღალია...და ჩვენ გვაქვს დაზვერვის მონაცემები, რომ ამ ზაფხულს რუსეთი გეგმავს ჯარების გაგზავნას ბელარუსში წვრთნების საბაბით. სწორედ ასე განალაგეს ჯარები სამი წლის წინ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის წინ.

ეს რუსული ძალები ბელარუსიდან უკრაინაზე თავდასხმას აპირებენ? - ალბათ. ან იქნებ არა. ან იქნებ ისინი თქვენთვისაა. შეგახსენებთ, ბელარუსი ნატოს სამ ქვეყანას ესაზღვრება. ის რუსული სამხედრო ოპერაციების პლაცდარმად იქცა. ნათელია, რომ პუტინი ბელარუსს  რუსეთის კიდევ ერთ პროვინციად განიხილავს და ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები...რა შეგვიძლია გავაკეთოთ შემდეგ თავდასხმამდე, შემდეგ შემოსევამდე?" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან მოკავშირეებს მოუწოდა, არ შევიდნენ შეცდომაში ჩრდ. კორეელ სამხედროებთან დაკავშირებით. კერძოდ -"ნუ გააკეთებთ მცდარ დასკვნებს - ჩრდილოეთ კორეელები სუსტები არ არიან. ახლა ისინი სწავლობენ ბრძოლას, თანამედროვე ომს. რაც შეეხება თქვენს ჯარებს? მზად არიან?"

ზელენსკიმ ევროპული შეიარაღებული ძალების შექმნის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება: 

"ქალბატონებო და ბატონებო!

მე მჯერა ევროპის და დარწმუნებული ვარ თქვენც გჯერათ და მე მოგიწოდებთ იმოქმედოთ - თქვენი გულისთვის და ევროპის, ევროპის ხალხების, თქვენი ერების, თქვენი სახლების, თქვენი შვილების და ჩვენი საერთო მომავლის გულისთვის. ამისათვის ევროპა უნდა გახდეს თვითკმარი - ერთიანი საერთო ძალა, უკრაინული და ევროპული.

ახლა, მსოფლიო მხარდაჭერის წყალობით - ჩვენ გულწრფელად მადლობას გიხდით ამისთვის - უკრაინის არმია აკავებს რუსეთს. მაგრამ თუ ჩვენ არა, მაშინ ვინ შეაჩერებს მათ? მოდით ვიყოთ გულახდილები: ახლა ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ შესაძლებლობა, რომ ამერიკამ თქვას "არა" ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით.

ბევრმა ლიდერმა თქვა, რომ ევროპას სჭირდება საკუთარი შეიარაღებული ძალები, არმია - ევროპის არმია. და მე ნამდვილად მჯერა, რომ დრო დადგა. აუცილებელია ევროპული შეიარაღებული ძალების შექმნა.

უკრაინის არმიის გარეშე ევროპული ჯარები არ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად. ეს არის დღევანდელი რეალობა. ევროპაში მხოლოდ ჩვენს არმიას აქვს რეალური, თანამედროვე საბრძოლო გამოცდილება...ევროპის მომავალი მხოლოდ ევროპელებზეა დამოკიდებული და ევროპის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება ევროპაში." თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ უკრაინა არასდროს დათანხმდება მის ზურგს უკან დადებულ შეთანხმებებს და რომ იგივე წესებით უნდა იმოქმედოს ევროპამაც 

"უკრაინის გარეშე გადაწყვეტილებები უკრაინასთან დაკავშირებით და ევროპის შესახებ გადაწყვეტილებები ევროპის გარეშე, გადაწყვეტილებები არ არის. ევროპას უნდა ჰქონდეს ადგილი მაგიდასთან, როდესაც ევროპის შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებენ. სხვა ყველაფერი არაფერია. თუ საკუთარი მომავლის შესახებ მოლაპარაკებებს მიღმა დავრჩებით, მაშინ ყველა წავაგებთ...

ნახეთ, რის გაკეთებას ცდილობს ახლა პუტინი. ეს მისი თამაშია. პუტინს სურს ამერიკასთან პირისპირ მოლაპარაკება - ისევე, როგორც ომამდე, როცა ისინი შვეიცარიაში შეხვდნენ და თითქოს მსოფლიოს გაყოფას აპირებდნენ.

შემდეგ, პუტინი შეეცდება უზრუნველყოს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი წითელ მოედანზე მიმდინარე წლის 9 მაისს დადგეს არა როგორც პატივცემული ლიდერი, არამედ როგორც მისი სათამაშო." - აღნიშნა ზელენსკიმ

 რაც შეეხება აშშ-ს. პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიები ამერიკის გარეშე, სუსტი იქნება, თუმცა ამერიკა არ იძლევა გარანტიებს, თუ თავად ევროპას არ ექნება ისინი: 

"მე არ მჯერა უსაფრთხოების გარანტიების ამერიკის გარეშე - დიახ, ის უბრალოდ სუსტი იქნება. მაგრამ ამერიკა არ იძლევა გარანტიებს, თუ თავად ევროპას არ ექნება ძლიერი გარანტიები. ასევე არ ამოვიღებ დღის წესრიგიდან უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს.

მაგრამ ახლა ნატოს ყველაზე გავლენიანი წევრი როგორც ჩანს, პუტინია, რადგან მის ახირებას შეუძლია ნატოს გადაწყვეტილებების დაბლოკვა. და ეს იმის მიუხედავად, რომ რუსეთი უკრაინის არმიამ შეაჩერა - არა ნატოს ქვეყანამ, არა ნატოს ჯარებმა, არამედ მხოლოდ ჩვენმა ხალხმა და ჩვენი არმიამ.

ამ ომში უკრაინის მხარეზე უცხო ჯარები არ იბრძვიან. მაგრამ პუტინმა ამ ომში თითქმის 250 000 ჯარისკაცი დაკარგა. დაშავდა 610 000-ზე მეტი.

მხოლოდ კურსკის ბრძოლაში ჩვენმა ჯარებმა გაანადგურეს თითქმის 20 000 რუსი ჯარისკაცი. ჩვენ მთლიანად გავანადგურეთ ჩრდილოეთ კორეის ქვედანაყოფები. ნახევარ წელზე მეტია, უკრაინელები იკავებენ პოზიციებს რუსეთის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სურდა ბუფერული ზონის შექმნა ჩვენს მიწაზე, უკრაინაში.

ვამაყობ უკრაინით. მე ვამაყობ ჩვენი ხალხით.

მაგრამ ახლა მე გთხოვ, თითოეულ თქვენგანს, გულწრფელად უპასუხოთ ამ კითხვას: რუსეთი რომ მოსულიყო თქვენთან, შეძლებდა თქვენი არმია იმავე გზით ბრძოლას?

არ ვისურვებდი, რომ ვინმეს ოდესმე ეს გაეგო - ღმერთმა არ ქნას. ამიტომაც ვსაუბრობთ უსაფრთხოების გარანტიებზე. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ უკრაინის უსაფრთხოების ნებისმიერი გარანტიის საფუძველი ნატოში გაწევრიანება უნდა იყოს. ან, თუ არა, მაშინ პირობები, რომელიც მოგვცემს საშუალებას ავაშენოთ სხვა ნატო სწორედ აქ, უკრაინაში...

...ჩვენ არ შეგვიძლია უბრალოდ დავთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტას უსაფრთხოების რეალური გარანტიების გარეშე, რუსეთზე ზეწოლის გარეშე, რუსეთის შეკავების სისტემის გარეშე.

ჩვენთან საბრძოლველად პუტინმა გამოიყვანა ჯარები სირიიდან, აფრიკიდან, კავკასიიდან, თუნდაც მოლდოვის ნაწილიდან. ახლა კი მას საბრძოლო ძალების დეფიციტი ემუქრება. და თუ ეს ომი კარგად არ დამთავრდება, მას ეყოლება ბრძოლაში გამოცდილი ჯარისკაცების ჭარბი რაოდენობა, რომლებმაც არაფერი იციან გარდა მკვლელობისა და ძარცვისა.

და ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ამ ომის ბედს ვერ განსაზღვრავს მხოლოდ რამდენიმე ლიდერი: არც ტრამპი და პუტინი, არც მე და პუტინი, არც ვინმე აქ მიუნხენში, პუტინთან მარტო.

ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ ჭეშმარიტი მშვიდობის მისაღწევად." - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტმა ევროპის უსაფრთხოებისთვის 5 საჭირო ნაბიჯი დაასახელა:

  • ევროპის შეიარაღებული ძალები, როგორც ნატოს განახლება;
  • საერთო ევროპული საგარეო პოლიტიკა;
  • ევროპული თანამშრომლობის დონე, რომელსაც ვაშინგტონი სერიოზულად მოეკიდება;
  • საერთაშორისო სამართალი;
  • რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება; 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი